ფოთის ჰოსპიტლის ბოქსირებულ განყოფილებაში პნევმონიით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს
ფოთის ჰოსპიტლის, “ლაზიკამედის” ბოქსირებულ განყოფილებაში პნევმონიით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს, რომელსაც, მედიკოსების განმარტებით, ბოლნისის მცხოვრებთან ჰქონდა კონტაქტი.
“ლაზიკამედის” ექიმ-თერაპევტის, ქრისტინა დანელიას ინფორმაციით, პაციენტს დაუდასტურდა პნევმონია და მიმდინარეობს მასზე დაკვირვება. ექიმის ინფორმაციითვე, ქალმა კლინიკას მას შემდეგ მიმართა, რაც მარნეულში კარანტინი გამოცხადდა.
“დღეს კლინიკაში მოგვმართა პაციენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინდელი დღიდან ჰქონდა ერთეული ხველა და ტემპერატურის მატება, მან, ასევე, აღნიშნა, რომ 15 მარტს შეხება ჰქონდა პიროვნებასთან, რომელიც იყო ბოლნისიდან, ამიტომ მოვიდა ჩვენთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. რენტგენოლოგიურად დადასტურდა პნევმონია. შევატყობინეთ ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, გადაყვანილ იქნა ინფექციურ საავდმყოფოში და მიმდინარეობს მასზე დაკვირვება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი”, – აღნიშნა ქრისტინა დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.