„დიდი მადლობა, ჩემო სამშობლოვ… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ქვეყანა საუკეთესოა“
„ბათუმში ჩამოსვლისთანავე დაგვაბინავეს საუკეთესო სასტუმროში, სადაც გვაქვს ძალიან კარგი პირობები, კარგი კვება და მომსახურება“, – ბათუმის საკარანტინე ზონიდან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამადლობელი სტატუსი გამოაქვეყნა ხელოვანმა თეა კახნიაშვილმა, რომელიც ამ დღეებში გერმანიიდან ჩამოფრინდა.
„21 მარტს ჩამოვფრინდი გერმანიიდან. რთულ პერიოდში მომიწია ჩემს ქვეყანაში დაბრუნება. მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ჩემი ქვეყნის მთავრობის და ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენზე ასე იზრუნა.
ჩამოფრენისთანავე ჩემს ქვეყანაში იგრძნობოდა საოცრად კარგი მობილიზება ამ რთულ სიტუაციასთან მიმართებაში.
აეროპორტში ჩაგვიტარდა ყველა საჭირო შემოწმება, გვეპყრობოდნენ ძალიან კარგად, ჰქონდათ ჩვენს ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი. აეროპორტიდან ავტობუსებით გადაგვიყვანეს სავალდებულო კარანტინში, რაც ყველა ადამიანისთვის, ვთვლი, რომ ნამდვილად იყო აუცილებელი.
ავტობუსში ასვლისთანავე ყველა პიროვნების ადგილას დაგვხვდა ყუთები, ჩემდა გასაოცრად, ამ ყუთებში იყო საკვები. მე პირადად ამის დანახვაზე თვალზე ცრემლი მომადგა, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავით თვითოეული ადამიანი ჩვენი სამშობლოსთვის. რამხელა მზრუნველობას ვგრძნობდი თითოეული მომსახურე პერსონალისაგან, ვერ აგიღწერთ.
ბათუმში ჩამოსვლისთანავე დაგვაბინავეს საუკეთესო სასტუმროში, სადაც გვაქვს ძალიან კარგი პირობები, კარგი კვება და მომსახურეობა.
აქვე მადლობა მინდა გადავუხადო სასტუმრო ეიფორიას მომსახურე პერსონალს. ექიმებისაგან დაწყებული დამთავრებული დამლაგებლით.
დიდი მადლობა, ჩემო სამშობლოვ, ამ ყველაფრისთვის, მადლობა ყველას ასეთი გულისხმიერებისათვის, მადლობა იმისათვის, რომ ასე გიყვართ თქვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და მუხლჩაუხრელად ზრუნავთ მათზე.
მე მიყვარს ჩემი საქართველო, მე მიყვარს ჩემი ხალხი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ქვეყანა საუკეთესოა“, – წერს თეა კახნიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.