გია ხუხაშვილი: თუ თვალს გადავავლებთ, რა ხდება სამყაროში, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ზომებით, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესოა
“ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობის შემოღება დროული და სწორია, თითქოს, არსებითად არაფერი შეიცვალა, შეზღუდვები მანამდეც მოქმედებდა, მაგრამ ვინაიდან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, რა დროს რა შეზღუდვა დაგვჭირდება, სჯობს, საკანონმდებლო კუთხით ყველაფერი მზად იყოს”, – ასე შეაფასა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ქვეყანაში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
მისივე თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ზომებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა.
“ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობის შემოღება დროული და სწორია. თითქოს, არსებითად არაფერი შეიცვალა, შეზღუდვები მანამდეც მოქმედებდა, მაგრამ ვინაიდან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, რა დროს რა შეზღუდვა დაგვჭირდება, სჯობს, საკანონმდებლო კუთხით ყველაფერი იყოს მზად, რომ ამა თუ იმ რეგულაციის შემოღება ოპერატიულად იყოს შესაძლებელი და ამას არ დასჭირდეს ფორსმაჟორში საკანონმდებლო პროცედურების ჩატარება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ხელისუფლებას გადაეცა ინსტრუმენტები, რომ როგორც კი საჭირო იქნება, გაამკაცროს შეზღუდვები, რაც აბსოლუტურად სწორია. ეს არის უფრო მზადყოფნის აქტი და ვერ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება დაგვიანებულია. აქამდე ეს აუცილებელი არ იყო. ვიღაცამ შეიძლება ისიც კი იფიქროს, რომ ნაადრევია, მაგრამ თუ შევხედავთ დინამიკას, რისკი მაღალია, რისი გათვალისწინებაც აუცილებელი იყო… სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, როგორც კარანტინის, ასევე კრიმინალის აფეთქების მიმართულებით, რისგანაც, სამწუხაროდ, დაზღვეული არა ვართ. ვფიქრობ, ახლა ხელისუფლებას აქვს იმდენი ნდობაც და ნებაც, რომ ეს ყველაფერი ბოროტად არ გამოიყენოს.
თუ თვალს გადავავლებთ, რა ხდება სამყაროში, ჩვენი ქვეყანა, კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ზომებით, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს არის, უპირველესად, ჩვენი ეპიდემიოლოგების, სამედიცინო პერსონალისა და ყველა შესაბამისი დარგის სპეციალისტის დამსახურება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებაც გაცილებით ქმედითი გახდა, რაც ჩვენთვის, გარკვეულწილად, მოულოდნელიც იყო, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა… გარდა იმისა, რომ სისტემა კარგად მუშაობს, შესაბამისი სამსახურებიც კარგად აკვირდებიან გარე სამყაროში მიმდინარე პროცესებს, აანალიზებენ და სწრაფად რეაგირებენ; შედეგად, თუ სხვები ერთი ნაბიჯით აგვიანებენ, ჩვენ ვცდილობთ, თუ ერთი ნაბიჯით წინ ვერა, დროულად მაინც გავატაროთ საჭირო ღონისძიებები. შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით ვირუსის გავრცელების შეკავების ვადებით საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო პოზიციაზეა.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, როგორ იმუშავებს სამედიცინო სისტემა, მედპერსონალი და ა.შ., მაგრამ ჩვენი მთავარი მოკავშირე მაინც არის ორი რამ: პირველი – სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ამ მიმართულებით დიდი საყვედური არ გვეთქმის, მიუხედავად იმისა, რომ არის უპასუხისმგებლობის არასასიამოვნო შემთხვევებიც, მაგრამ, რაც მთავარია, ეს ვლინდება და შეძლებისდაგვარად სწრაფად ხერხდება მათი აღკვეთა.
მეორე არის სოციალური პასუხისმგებლობა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სხვისი პრობლემა ჩვენს პრობლემებზე არაფრით არის ნაკლები. ჩვენ თუ გამოვავლენთ სოციალურ ეგოიზმს და დავინფიცირდებით სამომხმარებლო ბულემიით ან შევეცდებით ამ სამყაროში მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას, ფაქტობრივად, სხვების ხარჯზე, ეს ბუმერანგივით დაგვიბრუნდება; ასე ვითარებას უფრო გავართულებთ და საბოლოოდ ვერც ჩვენ გადავრჩებით.
ჩემი აზრით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღია – არა ექიმი და ხელისუფლება, არამედ ის, როგორ იქცევა კრიზისის დროს საზოგადოება. თუ საზოგადოება ახერხებს მობილიზებას და კონსოლიდაციას, ეს შეიძლება, დიდი წარმატების საფუძვლად იქცეს. უნდა გვესმოდეს, რომ კრიზისი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ისტორიული კანონზომიერება აჩვენებს, რომ პოსტკრიზისული პერიოდი არის დიდი შესაძლებლობების ხანა ნებისმიერი საზოგადოებისთვის. თუ ჩვენ ახლა მოვახერხეთ მობილიზება, კონსოლიდაცია, ღირსეულად გადავიტანეთ ეს ყველაფერი, მერე ნებისმიერი ამოცანა შეიძლება დავძლიოთ. თუ საზოგადოებამ შეძლო და კრიზისისას საუკეთესო თვისებები გამოავლინა, ეს არის კარგი სტარტაპი შემდგომში დიდი აღმშენებლობისთვის, თუმცა მანამდე გვახსოვდეს, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი მოკავშირეა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა, მტერი კი – პანიკა და სოციალური ეგოიზმი”, – განაცხადა ხუხაშვილმა.