ზვიად შალამბერიძე: ქუთაისში მარტოხელა ადამიანებისთვის პროდუქტების დარიგება ხვალიდან დაიწყება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი – გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქუთაისის სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ, სადაც 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების შეგროვება მიმდინარეობს.
ამ ადამიანების დახმარების სურვილი ქუთაისში მოქმედმა კერძო კომპანიებმა გამოთქვეს. სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი სპორტის სასახლეში მაღაზიათა ქსელმა „ფემილიმ“, „ლიდერფუდმა“, „მაგნიტმა“, შპს „მზიურმა“ და შპს „არგომ“, ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მიიტანეს, რომელმაც არდადეგების გამო ადრე შეძენილი ხილის და ბოსტნეულის გამოყენებაც ბაღებში ვეღარ მოასწრო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებისთვის პროდუქტების დარიგება ხვალიდან დაიწყება. ამასთან, ზვიად შალამბერიძემ ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს არსებულ სიტუაციაში კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
“პანდემიის პირობებში თავი დაუცველად არავინ უნდა იგრძნოს. ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის დანახვა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ამ საქმეში ხელისუფლების გვერდით დადგა კერძო სექტორიც. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქუთაისში მცხოვრებ 600-მდე მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანს სახლებში მივუტანოთ საკვები პროდუქტები. მადლობა მინდა ვუთხრა მაღაზიათა ქსელების მფლობელებს, რომლებმაც პროდუქტებით მოგვამარაგეს“, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
მოხალისეთა გუნდის წევრები მარტოხელა მოქალაქეებს ნობათს სახლებში მიუტანენ.