საგარეო უწყება: სახელმწიფო აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა ელჩების რესურსს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დასახმარებლად
საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორული პროექტის – “საქართველოს ახალგაზრდა ელჩი” მონაწილეებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის – მიხეილ ნინუას, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – ბექა ოდიშარიას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის – გივი ჭიჭინაძისა და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის, დეპარტამენტის დირექტორის მუხრან გულაღაშვილის მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია გაიმართა.
ვიდეოკონფერენციის ფარგლებში, საუბარი შეეხო მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებას და ამ კუთხით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, სტუდენტების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მონაწილეებმა ვიდეოკონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა ელჩებისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგებლებს, განსაკუთრებით კი მათ თანატოლებს შეეხოთ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აქტიურად იყოს გამოყენებული “ახალგაზრდა ელჩების” რესურსი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კომუნიკაციისა და მათ საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის.
შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს შემდგომი ეფექტიანი თანამშრომლობის გზებზე და შეთანხმდნენ მომდევნო დღეების განმალობაში აქტიურ რეჟიმში კომუნიკაციაზე.
როგორც პროექტში გამარჯვებულმა, “ახალგაზრდა ელჩებმა” აღნიშნა, ისინი თანამემამულეებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციითვის საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომებისა და ახალი რეგულაციების შესახებ.
“ახალგაზრდა ელჩებს” მიეცა საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები და ინფორმაცია დიაპორის წარმომადგენელთა დახმარების მხრივ არსებული შესაძლებლობების შესახებ. როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგებლებმა აღნიშნეს, საქართველოს პრემიერმინისტრთან არსებული სააკორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას საზღვარაგერთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ და შესაბამის მითითებებს გასცემს მათ დასახმარებლად.