გახარიას დავალებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებებს რეგიონულ დონეზე სახელმწიფო რწმუნებულები განახორციელებენ
პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გიორგი გახარია რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური, კოორდინებული ღონისძიებების განხორციელება.
რისკების შემცირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე – საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.
პრემიერმინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული აღნიშნული გადაწყვეტილება ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ადგილზე თქვენ მზად იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა რესტორნების, ფიტნესკლუბების, თუ სპა-ცენტრების მუშაობის შეჩერება, მათი სასწრაფოდ აღსრულება რეგიონულ დონეზე, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, თქვენი პასუხისმგებლობაა“, – მიმართა პრემიერმინისტრმა რწმუნებულებს.
,,ჩვენ მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ყველა პრევენციული ღონისძიების დროულად გატარება და ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ იქნება მიღებული. კონკრეტულად არის შემდგომი ნაბიჯი გადასადგმელი, რომ მოვუწოდოთ საზოგადოებას საჭიროების შემთხვევაში თვითიზოლაციისკენ, მოხდეს მათი მაქსიმალურად გაკონტროლება, რათა საზოგადოების მხრიდან იყოს სოლიდარულობა გამოჩენილი მსგავსი საკითხების მიმართ და კონკრეტული ნაბიჯები თითოეული მიმართულებით, იქნება ეს ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობით კუთხით, თუკი რეგიონში რაიმე ტიპის საჭიროება წარმოიშვება, ყველა საკითხს დროულად მივხედოთ და ადგილზე დავარეგულიროთ. ტრანსპორტს რაც შეეხება, გამკაცრდება სტანდარტები, ადგილზე კოორდინირებულად ვიმუშავებთ შესაბამის სამსახურებთან და მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში კი თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება გადაადგილდეს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. თუ რა კონკრეტული შეზღუდვები დაწესდება, საჭიროებისამებრ ადგილზე შევაფასებთ და გადავწყვეტთ. ჩვენ ყველა ის ღონისძიება უნდა გავატაროთ, რომელიც პრევენციას შეუწყობს ხელს, რათა არ გავრცელდეს არანაირი პრობლემა, შესაბამისად ნებისმიერი ღონისძიება იქნება გატარებული, რომელიც აუცილებელი იქნება საჭირო მიზნის მისაღწევად”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.