კახა კალაძე: ხვალიდან თბილისის ავტობუსებში გარკვეული მომსახურების წესები შეიცვლება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები შეიცვლება.
მისივე თქმით, ხვალიდან მძღოლის სივრცე ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებული იქნება.
“რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს – საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროსა და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და, შესაბამისად, მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის”, – განაცხადა კალაძემ.