ლენტეხის სამარშუტო ტაქსის მძღოლი კარანტინში პოლიციის ძალით გადაიყვანეს

66 წლამდე ასაკის ლენტეხელი მამაკაცი, რომელიც ესპანეთიდან 8 დღის წინ დაბრუნდა, დღეს პოლიციის ძალით საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, აღნიშნული პიროვნების ესპანეთში მოგზაურობის შესახებ გვიან გაიგეს.

“ის ლენტეხში 8 დღის წინ დაბრუნდა. სამწუხაროდ, მას არ აღმოაჩნდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ინფორმაციის მიღებისთანავე, საქმეში ჩაერთო შსს ლენტეხის სამმართველო და ინფორმაცია მყისიერად გადაეცა იმერეთის შესაბამის ორგანოებს, რადგან იმ მომენტისთვის ის სამარშუტო ტაქსის მართავდა. აღნიშნული პიროვნება იძულებით წყალტუბოს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს”, – განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.

ლენტეხის ეპიდემიოლოგმა, ლამზირა ბენდელიანმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ ამ დრომდე არანაირი ვირუსის სიმპტომები მამაკაცს არ აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხში თვითიზოლაციაში მეოთხე დღეა, ავსტრიიდან დაბრუნებული მოხუცი ქალბატონი იმყოფება, რომელიც ამ მომენტამდე თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები