ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე თვითიზოლაციაში იმყოფება

ლოზანის გრან პრის გამარჯვებული, ნანა ძაგნიძე შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა. ქართველმა მოჭადრაკემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ “კვირას” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ევროპის ჩემპიონი საქართველოში ჩამოსვლის დეტალებსაც იხსენებს და საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის ეფექტურ მუშაობას აღნიშნავს. ამავდროულად, ძაგნიძე მადლობას უხდის ექიმებს, განსაკუთრებით კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.

„როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით, მგზავრები სკანერ-კონტროლით შეგვამოწმეს, შემდეგ კი პასპორტ კონტროლი გავიარეთ. იქვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავებმა ქვეყანაში ამოქმედებული რეგულაციები გაგვაცნეს. მიუხედავად იმისა, რომ არ მხიბლავდა თვითიზოლაციის პერსპექტივა, დაუყოვნებლივ დავემორჩილე მათ მოთხოვნას.

ყველას მოგიწოდებთ აუცილებლად დაემორჩილეთ იმ რეგულაციებსა და რჩევებს, რომლებსაც პროფესიონალებისგან ვიღებთ. ამით დავიცავთ ჩვენს თავს, ოჯახებს, საზოგადოებას.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ექიმს და განსაკუთრებით ბატონ ამირან გამყრელიძეს ამ მძიმე სიტუაციაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის,” – ამბობს ნანა ძაგნიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები