ის პირები, ვინც არღვევენ წესებს, საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, არამედ – საზოგადოებრივ ჯანმრთელობას – ნინო ცაციაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია „ტვ1“-ის გადაცემა „დღის ამბებში“ სტუმრობისას საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ ხდება თვითიზოლაციის წესების დარღვევათა გამოვლენა და, ასევე, თუ როგორ ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითიზოლაციაში მყოფი მოსახლეობის კონტროლს.

„უპირველეს ყოვლისა, ძალიან მოკლედ მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობის საკოორდინაციო ჯგუფის რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით. და ერთ-ერთ პირველი, რაც გახლდათ მათი რეკომენდაცია და გადაწყვეტილება, იყო ის, რომ საქართველოს შსს 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. რაც შეეხება თვითიზოლაციის ფაქტების დარღვევის საკითხს – შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რეალურად, დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტის თანამშრომლებთან ერთად, მკაცრ მონიტორინგს ახორციელებენ იმ პირებისა, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში და სამწუხარო რეალობაა ის, რომ ბოლო 24 საათში 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა და,  ჯამურად, დღეის მდგომარეობით, 55 მოქალაქეა, რომელმაც დაარღვია თვითიზოლაციის წესები და იძულებით კარანტინში იქნენ გადაყვანილნი.

მოგახსენებთ, რომ, ზოგადად, საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც საფუძველს გვაძლევს, ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში, გახლავთ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონი“, რომლის თანახმადაც მოქალაქის თვითიზოლაციის, იზოლაციის ან კარანტინში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი და შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს სწორედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

შესაბამისად, ჩვენ მას შემდეგ რაც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, დაგვევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშულ პროცესში აქტიური ჩართულობა და აღსრულების ეფექტიანი მონიტორინგი, როგორც აღვნიშნე, დაავადებათა ეროვნულ კონტროლის თანამშრომლებთან ერთად, პერმანენტულად მკაცრ მონიტორინგს ვახორციელებთ იმ პირების, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

უფრო მეტიც, 112- ის ოპერატორები პირადადაც უკავშირდებიან იმ პირებს, ვისზეც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან , რომ ისინი უნდა იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და ასევე, ჩვენ ვუგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და მოვუწოდებთ, რომ დაიცვან ის წესები რაც არის განსაზღვრული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

თუმცა, სამწუხაროდ, როგორც აღინიშნა, დარღვევის ფაქტები ყოველდღიურად ხდება. ის პირები, ვინც არღვევენ აღნიშნულ წესებს, საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, არამედ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გააცნობიეროს ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა , რაც გვაკისრია ამ პროცესში და უფრო მეტი ყურადღებით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით და გულისყურით მოვექცეთ იმ შეზღუდვებს, რაც გვიწესდება კანონიდან გამომდინარე“ – აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სასაზღვრო კონტროლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების პროცესშია ჩართული.

„მოგეხსენებათ სიმპტომატიკა დაავადების შემთხვევაში-გამოვლენა ახასიათებს 14 დღის განმავლობაში, სრულიად შესაძლებელია საზღვრის კვეთისას,თუნდაც არ ჰქონდეს გამოხატული სიმპტომატიკა, თუმცა ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხდება აღნიშნული პროცესის მონიტორინგი – შესაბამისი შემოწმება და იმ შემთხვევაში თუ არის ერთი კონკრეტული ნიშანი მაინც გამოკვეთილი შესაბამისი რეგულაციების თანახმად ან კარანტინში გადაყვანა ან ინფექციურ საავადმყოფოში, როდესაც უკვე არის გამოხატული ნიშნები. ჩვენი ჩართულობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი გახლავთ ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების პროცესში ვართ მაქსიმალურად ჩართულები. როგორც მოგახსენეთ, ყოველდღიური მონიტორინგი ხდება და მკაცრი მონიტორინგი იმ პირების ვინც იმყოფებიან თვითიზოლაციაში, არამხოლოდ ონლაინ კომუნიკაცია ხდება მათთან, არამედ პირადად ბინაზე მისვლა და აი ასეთ დროს გამოვავლინეთ სწორედ ის პირები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ ბინებში და გადაადგილდებოდნენ სამწუხაროდ თავისუფლად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში”, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები