მეუფე დავითი: ზიარება ეს ის საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის გონება ვერ მისწვდება და რომელსაც ადამიანის ენა ვერ გამოსთქვამს

ალავერდის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ალავერდის მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე იქადაგა.

მეუფე დავითის თქმით, სიფრთხილის დაცვა აუცილებელია.

“შიში ყოველთვის ურწმუნოებიდან მოდის. დღეს დიდი მითქმა-მოთქმაა, რომ ქვეყნები იკეტება და კარანტინშია ხალხი, მაგრამ საოცარი რამ მოხდა, მადლობა ღმერთს ჩვენს ხალხს, ხელისუფალს, საოცარი ერთიანობა გამოაჩინეს. ღმერთმა დაუშვა და ეს გამოცდა ჩვენმა ერმა კარგად ჩააბარა.

გუშინ მელაპარაკა ერთი ადამიანი, რომლის სასტუმროშიც არიან უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები. არც ერთ თანამშრომელს, არც დიდს და არც პატარას არ დაუტოვებია თავისი სამსახური, რომელიც ნამდვილად ღვთის წყალობით მათთვის გვირგვინი იქნება. დღესაც ემსახურებიან იქ მყოფ ადამიანებს, როგორც სხვა დროს. ეს დიდი სამაგალითო შემართებაა. მათ ზურგი კი არ აქციეს, გვერდში დაუდგნენ. თან ყველას შეიძლება ეს განსაცდელი შეხვდეს, იგივე ხელისუფალს. ვიტყვი, იმიტომ რომ ისინიც დღე და ღამე აქტიურად არიან ჩართულები და ორგანიზებას კარგად აკეთებენ.

საფრთხისაგან თავის არიდება არ არის სირცხვილი, სიფრთხილის დაცვა ღვთისთვის მოსაწონია, უგუნური თავმოწონებით უარის თქმა ამ სიფრთხილეზე კიდევ უფრო დამამძიმებელია იმიტომ, რომ მას საფუძვლად ამპარტავნობა უდევს. ამპარტავანი სძულს უფალს, ხოლო თავდამდაბალი, რომელიც სიფრთხილეს იცავს, გონიერებით ღვთისთვის საყვარელია და წყალობასაც მიიღებს. სიფრთხილე დღეს აუცილებლად უნდა დავიცვათ და ეს სათაკილო არ არის, მაგრამ თუ ღვთის საწინააღმდეგოს გვეტყვიან, ის რა თქმა უნდა, ქრისტიანებმა არც უნდა მოვისმინოთ, არა თუ ვიმსჯელოთ. ზიარება ეს ის საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის გონება ვერ მისწვდება და რომელსაც ადამიანის ენა ვერ გამოსთქვამს”,-განაცხადა მეუფე დავითმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები