რუსუდან თევზაძე: მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო და მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა

მსოფლიო პანდემიის გამო, დღეს საქართველოს განათლების სისტემა განსაკუთრებით რთული და დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ზოგადად, სახელმწიფო და მთავრობა ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს “შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე წერს.

მისივე თქმით, ცალკეულ საკითხებს უფრო მეტად ჩაღრმავებული და პროფილური მართვა ესაჭიროება.

“მსოფლიო პანდემიის გამო, დღეს საქართველოს განათლების სისტემა განსაკუთრებით რთული და დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ზოგადად, სახელმწიფო და მთავრობა ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა, თუმცა ცალკეულ საკითხებს უფრო მეტად ჩაღრმავებული და პროფილური მართვა ესაჭიროება. პრობლემის წინაშე ერთნაირად აღმოჩნდა, სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო ინსტიტუცია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან დაწყებული უნივერსიტეტით დამთავრებული. მრავალმხრივი კრიზისების მართვა, ცხადია გულისხმობს განათლების სისტემაში სწავლა-სწავლების პროცესის იმგვარ მოდიფიცირებას, რომელიც შეძლებისდაგვარად დარჩება შედეგზე ორიენტირებული და გაითვალისწინებს მოსწავლისა თუ მშობლის ინტერესებს. ოფიციალურად გამოცხადებული დისტანციური სწავლება, არამც და არამც არ გულისხმობს მხოლოდ ვიდეო გაკვეთილებსა თუ ლექციებს. დისტანციური სწავლება მოიცავს სწავლების ყველა შესაძლო ინდივიდუალურ ფორმას, რომლის შემუშავებასაც შეძლებს პედაგოგი, ამავე დროს, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ იგი არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვერანაირად ვერ იქნება მეტ-ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობების პლატფორმა ქვეყანაში არსებული სასწავლო დაწესებულებებისათვის, მათი თვისობრივი და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით. დისტანციური სწავლება ვიდეო გაკვეთილებისა თუ ვიდეო ლექციების კონცეფციის გამოყენებით, წესით, სკოლისა თუ უნივერსიტეტის წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია უნდა იყოს, რომელსაც ბუნებრივია, შესაბამისი სპეციფიკური ტექნიკური პლატფორმა ესაჭიროება. ამის საუკეთესო მაგალითია კომპანია „სილქნეტის“ მიერ წლების წინ განხორციელებული პროექტი – „საშინაო სკოლა“, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ალტერნატიული დამხმარე სასწავლო რესურსი. გამომდინარე იქიდან, რომ მკვეთრად განსხვავდება საჯარო და კერძო სკოლების თვისობრივი და ტექნიკური რესურსები, ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია, მეტ-ნაკლებად ერთიან პირობებში მათი მოქცევა. ამდენად, დღევანდელმა ფორსმაჟორმა ცხადად დაგვანახა, რომ განათლების სისტემაში აუცილებლად უნდა არსებობდეს, წინასწარ შემუშავებული, გარკვეული ტიპის ონლაინ სწავლების უნიფიცირებული სარეზერვო პლატფორმა, რომელიც თავიდან აგვარიდებს იმგვარ დაბნეულობასა და გაუგებრობას, რაც სახეზეა არაერთ სკოლასა და უნივერსიტეტში”,- ამბობს თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები