სამეგრელო-ზემო სვანეთში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა
„სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა. მოხალისეები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, მათ შორის სოციალურდ დაუცველ ხანდაზმულებს, ვინც ვერ ახერხებს უფასო სასადილოში მისვლას ბინაზე მიართმევენ საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს”, – ამის შესახებ ინფორმაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე განცხადების თანახმად, პირველ ეტაპზე შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა, რაც ჯამში 130 ადამიანს შეადგენს. ჯგუფები გაივლიან საჭირო კონსულტაციებს და აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური ეკიპირებით.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში ასევე დაწყებულია მოხალისეთა მეორე ჯგუფის დაკომპლექტება, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შეგიძლიათ მუნიციპალიტეტებში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით. (მუნიციპალიტეტების ცხელი ხაზი იხილეთ ამ ბმულზე)