“სპარის” დირექტორი: თუ რაიმე კრიზისული მდგომარეობა შეიქმნება, და მე მგონია, რომ ეს არ იქნება, ჩვენ გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სუპერმარკეტებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მომატებული გაყოდვების გამო, პროდუქტების დეფიციტია და მათ მარაგი არ აქვთ, “სპარისა” და “სმარტის” მაღაზიათა ქსელში არ ადასტურებენ.
“სპარის” ქსელის მთავარი დირექტორი – მირანდა მანჯგალაძე “კვირასთან” ამბობს, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. მისი განმარტებით, ქსელში გაყიდვების მატება, არა ვირუსის გავრცელებას, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ფილიალების დამატებას უკავშირდება.

მირანდა მანჯგალაძე საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კრიზისის შემთხვევაში, რომლის სამომავლო არსებობასაც ეჭვქვეშ აყენებს, კომპანიას შესაბამისი სამოქმედო გეგმა აქვს.

“ზოგადად, გაყიდვების ზრდა ჩვენთან მომატებულია, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს მასშტაბით ფილიალების რაოდენობა გაიზარდა და ეს არ უკავშირდება კორონავირუსს. რამე არსებით მასობრივ მატებას, რომელიც საშუალო ტრენდიდან გამოსულია, ადგილი არ აქვს.

რაც შეეხება მარაგის არსებობას, პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ იყვნენ მშვიდად და არ აყვნენ პანიკას. თუ რაიმე კრიზისული მდგომარეობა შეიქმნება, და მე მგონია, რომ ეს არ იქნება, ჩვენ გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ის პირველად საყოფაცხოვრებო თუ ჰიგიენური ნივთები, რაც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, მარაგში გვაქვს.
​თუმცა, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ლოჯისტიკის საფრთხე არ დგას ქვეყანაში . ამას ამბობს სახელმწიფოც და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მსგავსი საფრთხის წინაშე ქვეყანა არ დადგეს”, – ამბობს მირანდა მანჯგალაძე.

“ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ანგარიშსწორების დეპარტამენტის დირექტორი – ზვიად მეფარიშვილი “კვირასთან” საუბრისას ამბობს, რომ “სმარტის” მაღაზიათა ქსელს სასურსათე მარაგი აქვს და რაიმე სახის წინააღმდეგობის წარმოქმნის შემთხვევაში, მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენის პრობლემა არ შეექმნება.

“ჯერჯერობით, ჩვენთან გაყიდვების მომატება არ ფიქსირდება. როგორც აქამდე იყო, იმავე ნიშნულზე რჩება. მარაგები ჩვეულებრივად გვაქვს და დანაკლისი არ იქნება. ჩვენ იმპორტსაც ვახორციელებთ და არც ამაზე შექმნილა რაიმე პრობლემა. ჩვეულებრივად შემოდის. ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს და არც სამომავლოდ ველოდებით რაიმე გაუარესებას”, – აღნიშნავს მეფარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები