ადიგენელმა ბიზნესმენმა აბასთუმნის ფილტვის ცენტრს კარანტინში მყოფი პაციენტებისთვის სურსათი გადასცა
ადიგენელმა ბიზნესმენმა, ლერი ქიმაძემ აბასთუმნის ფილტვის ცენტრს საჩუქრად სურსათი გადასცა. ამის შესახებ განცხადებას ფილტვის ცენტრის დირექტორი – რეზო ჯღენტი საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” აკეთებს.
“ერთი მეტად სასიხარულო ამბავი!
დღეს ადიგენის მკვიდრმა, ბიზნესმენმა ბატონმა ლერი ქიმაძემ “აბასთუმნის ფილტვის ცენტრში” საიზოლაციო რეჟიმზე მყოფი პაციენტებისათვის ცენტრის ადმინისტრაციას საჩუქრად გადასცა ჰუმანიტარული დახმარება – მინერალური წყალი, წვენები, ყავა, ჩაი, საკვების ერთჯერადი კონტეინერები და სხვადასხვა დანიშნულების საყოფაცხოვრებო საგნები.
როგორც ბატონმა ლერიმ აღნიშნა, ეს მისი მხრივ დაგეგმილი მხარდაჭერის პირველი ეტაპია. “ახლა მოგების მიღებაზე ფიქრის დრო არ არის! ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, რათა ვძლიოთ ამ საერთო საფრთხეს.”
ბარაქალა, ბატონო ლერი!
იმედია, თქვენი მაგალითი გადამდები აღმოჩნდება კერძო სექტორის სხვა ღირსეული წარმომადგენლებისათვის!”, – წერია განცხადებაში.