“ორი წელია რაც ჩემი ნიჭის გამოყენება დავიწყე” – 70 წლის ახალციხელი მაყვალა გულიაშვილის ისტორია (ვიდეო)

6 შვილის დედა, 14 შვილიშვილის ბებია და 10 შვილთაშვილის დიდი ბებია, მაყვალა გულიაშვილი პოლიეთილენის ძაფით სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს ორი წელია აკეთებს. 70 წლის ქალი ამბობს, რომ ქსოვა და ქარგვა ყოველთვის უყვარდა, თუმცა ცხოვრებისეული სირთულეები ამ ნიჭის გამოყენების უფლებას არ აძლევდა.
მაყვალა ახალციხეში ცხოვრობს, თავისუფალ დროს პოლიეთილენის ძაფისგან ჭიქების ჩასადებს, ხილის ვაზებს, თოჯინებს და საყურეებს აკეთებს. ამ საქმეში მისი ერთადერთი მეგობარი ყაისნაღია. მისი პატარა ოთახი სავსეა ერთმანეთისგან განსხვავებული ხელნაკეთი ნივთებით.

„ოთხი ვეტერანი მყავს. სოხუმისა და აგვისტოს ომის დროს იბრძოდნენ. ძალიან დიდი ნერვიულობა მაქვს გადატანილი და ამის გამო ამ საქმიანობას თავი დავანებე. ორი წელია, რაც გადავდგი ნაბიჯი და ახლად დავიწყე ჩემი ნიჭის გამოყენება. ბევრი გავაჩუქე, ბევრიც 3 და 8 მარტს გავყიდე“,- უყვება „რეგიონულ კვირას“ პენსიონერი ქალი.
ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალებს თავად ყიდულობს. პენსიის გარდა მაყვალა ფულს სწორედ საკუთარი ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით შოულობს. საკუთარ სახელოსნოზე სულ ოცნებობდა, თუმცა ყოველთვის ფიქრობდა, რომ ეს არასდროს გამოუვიდოდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები