რუსთავის მერის ინიციატივით, კორონავირუსის პრევენციისთვის მოხალისეთა ჯგუფი შეიქმება
რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, COVID- 19-თან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქში მოხალისეთა მობილური ჯგუფი შეიქმნება. მობილური ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაეხმარება.
აღნიშნული ჯგუფის ჩამოყალიბების დეტალებზე იმსჯელეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რუსთავის მერიაში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქის მერი – ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილეები: გოჩა ლორია, ირმა მესხი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი – დავით ბეგაშვილი ესწრებოდნენ.
დავით ბეგაშვილის განცხადებით, მოხალისეთა ჯგუფის მუშაობის სპეციფიკა და რეჟიმი მკაცრად იქნება გაწერილი და, რაც მთავარია, დაცული იქნება მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის საგანგაშო მდგომარეობა, სახელმწიფო აკონტროლებს სიტუაციას და ჩვენს ქალაქშიც არის კეთილსაიმედო მდგომარეობა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ. განისაზღვრა მოხალისეების შერჩევის კრიტერიუმები და რაოდენობა”, – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.