„მე წავალ, ჩემი ნახატები კი დარჩებიან და ჩემს სათქმელს მუდამ იტყვიან“- 64 წლის მხატვარი ვალედან (ვიდეო)
მოლბერტი, აკვარელი, ფერებში ამოსვრილი ფუნჯები, პალიტრა და ოთხფეხა მეგობრისათვის განკუთვნილი დივანი, რევაზ ხითარიშვილის სახელოსნოს განუყოფელი ნაწილია. საცხოვრებელი სახლის ეზოდან მიხვდებით, რომ აქ ყველაფერი მხატვრის გემოვნებითაა მოწყობილი. თუ 64 წლის მხატვართან როდესმე მოხვდებით, აუცილებლად მოგხიბლავთ რეზოს მოხატული კედლები და ცისფრად შეღებილ უცნაური კარი. ეს კარი მხატვრის მისტიკურ სამყაროში მოგახვედრებთ.
რევაზ ხითარიშვილი პროფესიით პედაგოგია. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და მოგვიანებით მასწავლებლადაც იმუშავა. „რეგიონულ კვირასთან“ სტუდენტობას იხსენებს და ამბობს, რომ დედაქალაქში საკუთარი ნახატებით ირჩენდა თავს.
„ბავშვობაში არ ვიცოდი რა იყო ხატვა, უფრო სკოლის პერიოდიდან აღმოვაჩინე ხატვის ნიჭი ჩემში. სტუდენტი რომ გავხდი ბევრს ვხატავდი, ნაწილს – ვაჩუქებდი, ნაწილს კი – ვყიდდი. ამით ფულს ვშოულობდი და უცხო ქალაქში თავის რჩენაც აღარ მიჭირდა. რა თქმა უნდა, მაშინ შედარებით იაფად მიჰქონდათ ჩემი ნაშრომები, მაგრამ სტუდენტისათვის ის თანხაც საკმარისი იყო“,- გვიყვება მხატვარი.
რეზო ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეში ცხოვრობს. ბავშვობაც აქ გაატარა. 44 წელია კედელზე და ტილოზე ხატავს. ხატვა მისი პროფესიაც არის და შემოსავლის ერთადერთი წყაროც. როგორც თავად ამბობს, ნახატის ღირებულება გაწეულ ხარჯებსა და შრომაზეა დამოკიდებული. საშუალო ფასი 150-დან 1500 ლარამდეა.
პორტრეტისა თუ პეიზაჟის შესაქმნელად, ძირითადად, ზეთის საღებავებს იყენებს. ტილოზე გადმოა
ქვს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები და ქმნის სხვადასხვა კომპოზიციას. „დედა-შვილობა“ და „ღვინის ქურდებიც“ რეზოს შემოქმედების ნაწილია.
64 წლის მხატვარს სახლის კედლები საკუთარი ხელით აქვს მოხატული. საკუთარი საცხოვრებლის გარდა, მოხატული აქვს მეზობლების სახლების კედლებიც. მხატვრს უკვე 1000-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შექმნილი.