გია ვოლსკი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრაზე სასამართლო და საარჩევნო სისტემის შესახებ ვისაუბრეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.
„ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაზე და საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემასაც, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, პრაქტიკულად, ყველა დელეგაცია და მომხსენებლებიც მიესალმებიან ორი მხარის შეთანხმებას. საკითხის განხილვისას საუბარი არ იყო იმაზე, თუ რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ მეტი ან ნაკლები ძალისხმევა გამოიჩინა. მათი დამოკიდებულება გამომდინარეობს საზოგადოებისა და საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობის მქონე სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. არის თემები, რომლებიც გამოიწვევს პოზიციათა სხვაობას, მაგალითად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შეუსრულებლობა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას აკეთებდა, თუმცა ჩვენი მხრიდან, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენი და ჩვენი ოპონენტების პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ამ თემებზეც გვქონდა შეხვედრაზე საუბარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია სტუმრობს.