აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სახეზეა „მნიშვნელოვანი გაუმჯობესება” ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების მხრივ

“საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით, გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში სახეზეა „მნიშვნელოვანი გაუმჯობესება” ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების მხრივ”, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ შექმნა რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რომლის მოვალეობებშიც შედის სასჯელის მოხდის ინდივიდური დაგეგმვისა და სერვისების შემუშავების დანერგვა საქმეების მენეჯმენტის პროცესში მოპოვებული მონაცემების საფუძველზე.

„საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით გაერთო-ს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში სახეზეა „მნიშვნელოვანი გაუმჯობესება” ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების მხრივ. 2018 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტის შემდეგ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მართალია, ვიზიტის ფარგლებში მონახულებულ ციხეებში გადატვირთვა აღარ წარმოადგენს პრობლემას, პატიმართათვის განკუთვნილი მინიმალური საცხოვრებელი სივრცე მაინც არაადეკვატურია. წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ შექმნა რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რომლის მოვალეობებშიც შედის სასჯელის მოხდის ინდივიდური დაგეგმვისა და სერვისების შემუშავების დანერგვა საქმეების მენეჯმენტის პროცესში მოპოვებული მონაცემების საფუძველზე. წლის განმავლობაში, ევროკავშირის პროგრამის მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი სასჯელის მოხდის თანამედროვე სტანდარტებთან დაკავშირებით. სამინისტრომ ტრენინგები ჩაუტარა თავის თანამშრომლებსაც, ციხეებში უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ 2018 წელს შესწავლილ საქმეთა 82%-ის შემთხვევაში ოჯახებს შეტყობინება დაკავების შემდეგ 3 საათის განმავლობაში მიეწოდათ.

თებერვალში იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება. სამინისტროს თქმით, გეგმაში გათვალისწინებულია როგორც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, ისე – სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშები.

„პატიმრებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ, აქვთ უფლება, მოითხოვონ, რომ დაკავებიდან 3 საათის განმავლობაში პროკურორმა ან გამომძიებელმა შეატყობინოს მათ ოჯახებს. ადმინისტრაციული მუხლით დაკავებული პირების ოჯახებს შეტყობინება უნდა მიეწოდოთ მოთხოვნისამებრ. სახალხო დამცველის აპარატის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, შეინიშნება გაუმჯობესება ამ უფლების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით: 2018 წელს შესწავლილ საქმეთა 82%-ის შემთხვევაში ოჯახებს შეტყობინება მიეწოდათ 3 საათის განმავლობაში დაკავების შემდეგ (შედარებისთვის: მხოლოდ 71% 2017 წელს). კანონის თანახმად, მოცემულ საქმეზე მიმაგრებული პროკურორი ვალდებულია, დაამტკიცოს წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის მოთხოვნა ოჯახთან დაკავშირების შესახებ”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები