რუსთავის მერის ინიციატივით, ქალაქში ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭო შეიქმნება

რუსთავის მერის ინიციატივით, ქალაქში ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭო შეიქმნება. აღნიშნულისიახლე, დღეს ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთაველ ბიზნესმენებს პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ გამართულ შეხვედრაზე გააცნო. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი რევაზ ბარბაქაძე დაესწრნენ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს დებულების პრეზენტაცია გაიმართა. რუსთავის მერმა საბჭოს მიზნებზე და ამოცანებზე ისაუბრა. ,,ბიზნესმენთა საბჭოს შექმნა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, იმდენად, რამდენადაც ამ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ბიზნესის სფეროში და წარმატებულები არიან საკუთარ საქმიანობაში. მათი ინტერესი, რომ იყვნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები და მიიღონ მონაწილეობა ქალაქის გლობალური საკითხების გადაწყვეტაში, ეს რა თქმა უნდა, შემდგომი ეკონოკიკური განვითარების თვალსაზრისით, ქალაქისთვისაც კარგია და ბიზნესისთვისაც, , – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ქალაქი რუსთავი მესამე წელია ჩართულია საერთაშორისო ინიციატივაში – ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, გასული წლის დეკემბერში, რუსთავს პოლონეთის ქალაქ ჩელაჯის თვითმმართველობის წარმომადგენელი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი პოლონეთის გამოცდილების გაცნობა და გაზიარება იყო. სწორედ პოლონეთის ქალაქ ჩელაჯში არსებული ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს მოდელის მიხედვით მოხდა რუსთავზე მორგებული დებულების შემუშავება. ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს დებულების საბოლოო ვერსია, რუსთაველ ბიზნესმენებთან კონსულტაციისა და რეკომენდაციების შედეგად შემუშავდება. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსის“ წარმომადგენელი და იურისტი. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანი, ბიზნესსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მეტი კოორდინაცია, ბიზნესსექტორის ჩართულობა ქალაქის განვითარებაში, პრობლემების ერთობლივი იდენტიფიცირება და ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები