თამარ ჩუგოშვილი: შეთანხმება, რომელსაც ხშირად ვახსენებთ, საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრავს ჩარჩოს და დიდი მანიპულირების საშუალებას არ იძლევა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ ფორმით, რასაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ითვალისწინებს, მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება თბილისში არსებულ ოლქებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებულ პოზიციებს – ჩუგოშვილის თქმით, ოლქების ნაწილი კონსტიტუციაში არ შედის.

„საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს უნდა დაინიცირდეს. პირველ ყოვლისა, ტექსტი უნდა ვნახო. საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად უნდა ასახავდეს იმ შეთანხმებას, რომელზეც ყველამ ხელმოწერა დავაფიქსირეთ. აუცილებლად დავუჭერ მხარს, თუ ეს ყველაფერი იქნება წარმოდგენილი ამ დოკუმენტში. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ამ შემთხვევაში, დოკუმენტს ჩემი სრული მხარდაჭერა ექნება, წერილობით მაქვს დაფიქსირებული იმ დოკუმენტში, რომელიც ელჩების მეშვეობითა და დახმარებით შედგა. რაც შეეხება თბილისში არსებულ ოლქებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებულ პოზიციებს – ოლქების ნაწილი კონსტიტუციაში არ შედის. ეს კანონში ცალკე იქნება შესატანი, საარჩევნო კოდექსში იქნება განსასაზღვრი. შეთანხმებას, რომელსაც ხშირად ვახსენებთ, საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრავს ჩარჩოს და დიდი მანიპულირების საშუალებას არ იძლევა, იმდენად მკაფიოდ არის განსაზღვრული პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს დაცული განაწილების დროს. ყველამ ვიცით, რომ ოლქები სერიოზულად მსხვილდება. 73-ის ნაცვლად 30 იქნება. სხვაობა ოლქებს შორის, ანუ მოსახლეობას შორის არ უნდა იყოს 15 პროცენტზე მეტი. ეს არის საერთაშორისოდ და ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი და ეს წესი დაცული უნდა იყოს. გამონაკლისები შეიძლება, იყოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ფიზიკურად შეიძლება იყოს შეუძლებელი მოსახლეობის პროპორცია ზუსტად ისე განაწილდეს, რომ 15 პროცენტში ჩაჯდეს. მეორე გამონაკლისი შეიძლება იყოს უმცირესობებით დასახლებული რეგიონები. ეს არის ის პრინციპები, რომელიც იმდენად ზღუდავს სივრცეს, როგორ შეიძლება ოლქების განაწილება, თუკი ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ შეხვედრაზე ერთად დასხდებიან, ვფიქრობ, რომ ამაზე შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეთ. ჩარჩო არის ძალიან მკაფიო და პრინციპები ძალიან ნათელია. ამაზე საჯაროდ ერთმანეთთან შორიდან ლაპარაკის ნაცვლად სამუშაო შეხვედრა რომ შედგეს, მარტივად შეძლებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია ამ საკითხზე ჩამოყალიბებას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები