დავით ჭიჭინაძე: გასაგებია, ექიმები რომ გვაფრთხილებენ, სახლიდან არ გამოხვიდეთო, მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი
„გასაგებია, ექიმები რომ გვაფრთხილებენ, სახლიდან არ გამოხვიდეთო და, მათი სფეროდან გამომდინარე, ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი?“, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ დღეს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და იქვე განმარტა ის ჯაჭვური რეაქციები, რომლებიც მსგავს ფორსმაჟორულ სიტუაციაში შესაძლოა მივიღოთ.
„ჩვენ შეიძლება, მივიღოთ ისეთი რეალობა, როდესაც, ერთი მხრივ, დაგვრჩება ვალდებულებები, რომელთა შესრულებასთან მიმართებაშიც, ადამიანები იქნებიან უძლურები, მეორე მხრივ კი სტრუქტურები, რომლებიც ამ კრიზისზე გამდიდრებას შეეცდებიან. და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ დროს?! მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მარაგები არ არსებობს; ჯანდაცვის სფერო დღეს აბსოლუტურად კომერციალიზებულია და არავინ მათ არ ზღუდავს; ბანკებთან მიმართებით კი ადამიანების ვალდებულებების შეცვლა არც კი განიხილება. ანუ სახელმწიფოს, ფაქტობრივად, ფორსმაჟორის წინაშე მოუწევს დადგომა, ჩვენ კი არც სახელმწიფოს ფუნქცია ვიცით ასეთ მდგომარეობაში და არც ის, ვინ უნდა მართოს კრიზისულ სიტუაციაში. დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც მხოლოდ ის გვითხრეს 2-3 დღეში გეტყვით რას ვიზამთო და აქამდე ერთმანეთთან კომუნიკაცია ვინ დაუშალა?! მოკლედ, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებულ ფინანსებზე და მათ სწორედ განკარგვაზე გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ, პარლამენტში და შემდეგ მთავრობა ასრულებს, არ მგონია დღეს ისეთი დალხენილი სიტუაცია გვქონდეს, რომ ამ ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები არ იყოს ჩვენთან შესათანხმებელი. მით უმეტეს, რომ ამ პარლამენტში არა მარტო ბანკირების, ხალხის წარმომადგენლებიც არიან. ამიტომ ვფიქრობ, ეკონომიკური, ფინანსური პროფილის კომიტეტები, პარლამენტი ზოგადად მთავრობასთან ერთად დაინტერესებული უნდა იყოს შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ისეთ თემებზე, თუ რა ნაბიჯებს დგამს მთავრობა, რა რეზერვებს აგროვებს, სად არის ფული აკუმულირებული და როგორ ვაპირებთ ცხოვრებას ამ ფორს მაჟორულ სიტუაციაში. რის შემდეგაც უკვე მოხდება მოსახლეობის ინფორმირება, ისევე როგორც ვიღებთ ინფორმაციებს დაინფიცირებული ადამიანების შესახებ”,- განაცხადა ჭიჭინაძემ.