გია ჟორჟოლიანი: 1 %-იანი ბარიერი ხელს შეუწყობს ორპოლუსიანობის მითისა და სტერეოტიპის დანგრევას
“1 %-იანი ბარიერი, ალბათ, უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალ, ან აქამდე პარლამენტში არმყოფ პოლიტიკურ ჯგუფებს იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში, რაც ხელს შეუწყობს ამ ცრუ, ორპოლუსიანობის მითისა და სტერეოტიპის დანგრევას”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე დეპუტატმა, „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანი საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
„იდეალური სისტემები არ არსებობს. ყველაზე კარგი საქართველოსთვის არის ე.წ. პროპორციული სისტემა მრავალმანდატიანი ოლექებით, ანუ რეგიონული სიებით. ეგ სისტემა არ ჩამოყალიბდა, ამიტომ ეს მოცემულობა, რაც არის, უნდა მივიღოთ და დავიწყოთ საარჩევნო კამპანია.
1 %-იანი ბარიერი, ალბათ, უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალ, ან აქამდე პარლამენტში არმყოფ პოლიტიკურ ჯგუფებს იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში, რაც ხელს შეუწყობს ამ ცრუ, ორპოლუსიანობის მითისა და სტერეოტიპის დანგრევას,
რაც შეეხება 40 %-იან შეზღუდვას – ეს მოითხოვს იმას, რომ პარტიას ჰქონდეს უფრო მაღალი წარმომდგენლობა, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, ჩამოაყალიბოს მთავრობა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
დეპუტატი მაჟორიტარული ოლქების განაწილების საკითხსაც გამოეხმაურა.
„შეთანხმებაში ჩადებულია ერთი პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს ოლქების შედგენის წესს. ეს განაწილება უნდა შეესაბამებოდეს იმ წესს, რომელიც გაზიარებული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომელსაც რეკომენდაციას უწევს ვენეციის კომისია და ყველა სხვა, რაც ეყრდნობა პრინციპს იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლების ხმები იყოს თანაბარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ოლქებში, დაახლოებით, თანაბარი უნდა იყოს ამომრჩეველთა რაოდენობა. სრულად თანაბრობა შეუძლებელია. რეკომენდაცია გულისხმობს, რომ საშუალო ზომის ოლქი უნდა განისაზღვროს და ამ საშუალოდან გადახრა 10-15 %-ს არ უნდა აღემატებოდეს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება 8 მარტს შედგა.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, 1 %-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
თამუნა შეყილაძე