კორონავირუსით დავირუსებული გეფას დირექტორი ბოდიშს იხდის – “სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს, რაც გულზე მაწვება”

“გეფას” დირექტორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა, მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე როგორც საქართველოში, ასევე – მთელს მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსებისა და შემდგომი გავრცელების ამბავი.
მე და ჩემი მეგობარი, მეუღლეებითა და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, რომ კორონავირუსი გავრცელდა ლომბარდიის რეგიონში. ამიტომ, ჩაფრენისთანავე ვიქირავეთ მიკროავტობუსი და გავეშურეთ იტალიის სამხრეთ ტიროლის ნაწილში, ავსტრიის საზღვართან (სადაც არც მანამდე და არც ჩვენ იქ ყოფნისას ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული).
ვინაიდან შემდეგი 5 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევებმა, მილანის ირგვლივ აღარ დავბრუნდით, როგორც დაგეგმილი გვქონდა, უკან – ისევ მილანით, გავემგზავრეთ იგივე მიკროავტობუსით ვენაში, სადაც შევიძინეთ ბილეთები ვენა-თბილისი და პირველ მარტს გამოვფრინდით საქართველოში.
პასპორტკონტროლზე გვკითხეს, თუ ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, რაც დავუდასტურეთ და გვთხოვეს, გაგვევლო დამატებითი კონტროლი, რომლის დროსაც შეგვიმოწმეს სიცხე დისტანციური თერმომეტრით და გაგვიშვეს სახლში.
მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ ჩვენგანს  ჰქონდა დალეული სიცხის დამწევი საშუალება.
ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა, მივედით სახლში, სადაც 2 მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდა.
მეორე დილას, იმავე განწყობით, როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას, რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, 2 მარტს მოვედი სამსახურში და რამდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში.
3-მარტს გავიგე, რომ ჩემს მეგობარს მოუმატა სიცხემ და მას შემდეგ აღარ გავსულვარ სახლიდან.
4-მარტს საღამოს ჩემს მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს.
დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით.​
ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ევროპიდან, სადაც მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს უკვე ამ გრიპს. მინდა შეგახსენოთ, რომ 80%-ზე მეტი შემთხვევებისა მიმდინარეობს მცირე ან სრულიად უსიმპტომოდ და შესაძლოა ბევრმა ჩვენგანმა არც იცის, რომ აქვს აღნიშნული პრობლემა და გაავრცელა ის საზოგადოებაში. იქნებ, ჩემი შემთხვევა იყოს სხვისთვის მაგალითი, რომ მეტი წინდახედულობა გვმართებს თითოეულს ჩვენგანს.
დღეისთვის ქვეყანამ და მთელმა საზოგადოებამ ამ პრობლემას რეალურად გაუსწორა თვალები და მიღებულია ბევრად მკაცრი კონტროლის ზომები, ვიდრე – აქამდე, მათ შორის – ჩვენს სამსახურში, ოფისში, საწყობსა და აფთიაქებში ჩატარდა და გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.
მე კი მინდა, ჩემ ირგვლივ მყოფ ყველა ადამიანს ბოდიში მოვუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს,  რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო, რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედებლობით და, ამავდროულად, მინდა, უზარმაზარი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანისადმი, ვინაიდან, ამ ყველაფრის მიუხედავად, არ მიგრძნია არცერთისგან არაფერი, გვერდში დგომის გარდა“, – წერს „გეფას“ დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები