თამარ ჩუგოშვილი: ერთი პარტიის მიერ ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება შეუძლებელი იქნება, არც კოალიციური მთავრობის საჭიროებას გამოვრიცხავ

“თითოეული ოლქი საკმაოდ დიდ გეოგრაფიას დაფარავს, შესაბამისად, ერთი პარტიის მიერ ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება შეუძლებელი იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის შექმნა და მთავრობის დაკომპლექტება ბევრად უფრო გართულებული იქნება, ვიდრე ეს მოქმედი სისტემით არის შესაძლებელი.

„თითოეული ოლქი საკმაოდ დიდ გეოგრაფიას დაფარავს. შესაბამისად, ერთი პარტიის მიერ ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება შეუძლებელი იქნება. ნებისმიერ პარტიას ეს ძალიან გაუჭირდება. გინდ, „ქართული ოცნება“ იყოს, გინდ – ოპოზიცია. ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ შედარებით მცირე პარტიები, რომლებიც დღეს არ არიან წარმოდგენილი, პარლამენტში თავის ერთ-ორ ადგილს იპოვიან და გახდებიან საპარლამენტო პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე. უმრავლესობის შექმნა და მთავრობის დაკომპლექტება ბევრად უფრო გართულებული იქნება, ვიდრე ეს მოქმედი სისტემით არის. არ გამოვრიცხავ არც კოალიციური მთავრობის საჭიროებას. ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. თუ შეთანხმება შესრულდება, როგორც ქვეყნას, ერს, ამომრჩეველს შესაძლებლობა გვექნება, პროგრამებზე ვისაუბროთ და მოვუსმინოთ, ვინ რას გვთავაზობს. თუ შეთანხმება დაირღვა, საქმე აქამდე არ მივა, პოლიტიკურ ომში ვიქნებით და არჩევნებს უკიდურესად მძიმე პროცესების ფონზე ჩავატარებთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები