ირაკლი აბუსერიძემ ვაზისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნო

ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძეთან, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილსა და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნო.

„ჩვენი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ მიმართულებით, ვაზისუბანში მასშტაბური პროექტები ხორციელდება, ეტაპობრივად წესრიგდება ქუჩები, ეწყობა მწვანე სივრცეები და უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ვაზისუბნის III მ/რ-ის მე-2 კვარტალში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 13 650 ლარი.

გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის თანახმად, ორ მისამართზე: ვაზისუბნის მე-2 მ/რ-ის მე-10 და მე-12 კორპუსებთან წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელები იცვლება. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 58 155 ლარს, ხოლო ვარკეთილის მე-4 მ/რ-ის მე-3 კვარტლის მე-2 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს საკანალიზაციო ქსელისა და ეზოს კეთილმოწყობა,“ –  განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები