ზაქარეიშვილი: უნდა დავაფასოთ აფხაზი ხალხის სითამამე, ვხედავთ, რომ ისინი რუსების ყურმოჭრილი მონები არ არიან

“თუ ვინმეს ეჭვი აქვს, რომ ასლან ბჟანიას მოცილება უნდათ, ეს ვიღაც არის არა რუსეთი, არამედ ეს არის შიგნით მყოფი ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ ბჟანიამ დაიწყოს კორუფციისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
ზაქარეიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„აფხაზეთში დაიწყო მორიგი კრიზისი და, როგორც წესი, ეს კრიზისები უკავშირდება ხოლმე ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს. 2004 წლიდან მოყოლებული ჩვენ ამას ვხედავთ. ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა და უკვე თვითონ აფხაზებსაც აწუხებთ. ირონიისა და სარკაზმის თემად იქცა, რომ მათ არ შეუძლიათ, ცივილური ფორმებით მოაგვარონ თავიანთი პოლიტიკური საკითხები.

ზაფხულში არჩევნებში ვერ მიიღო მონაწილეობა ერთერთმა პოლიტიკურმა ფავორიტმა, ასლან ბჟანიამ იმიტომ, რომ მოწამლული იყო და მკურნალობდა გერმანიაში. მისმა არმონაწილეობამ გამოიწვია კრიზისები და მოხდა ის, რომ 22 მარტს დაინიშნა შემდეგი ვადამდელი არჩევნები. ამ ფონზე, ბჟანია გამოჯანმრთელდა და წინა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. ხელახლა მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია ძალიან მძიმე ფორმებში. ჩანს, რომ 22 მარტამდე ვერ დადგება ის ფეხზე ისე, რომ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ამ ფონზე იძაბება ვითარება იმიტომ, რომ ბჟანია მკაფიოდ გამოკვეთილი ფავორიტი იყო და პირველივე ტურშივე იმარჯვებდა 22 მარტს  – მონაცემებით ასე ჩანდა. მას ჰყავს ორი კონკურენტი – ერთი ძიაპშბა ყოფილი შს მინისტრი. მის დროს იყო ღრმა კორუფცია ძალოვან სტრუქტურებში და მას გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს და მეორე ადგურ არძინბა, რომელიც ეკონომიკის მინისტრი, და არც თუ ისე ურიგო.
აფხაზეთში უმრაველსოას გაუჩნდა განცდა, რომ ბჟანია ხელახლა მოწამლეს. ყველა ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ თითქოს დადგა, რომ მას არ აქვს მოწამვლის ნიშნები, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს არადამაჯერებელია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბჟანია არჩევნებში სრულფასოვნად ვერ მიიღებს მონაწილეობას. ახლა ლაპარაკია არა მარტო იმაზე, რომ მოწამლეს, თუ არა ბჟანია, არამედ იმაზეც, გაიმართოს თუ არა 22 მარტს არჩევნები. დეფაქტო აფხაზეთის კანონმდებლობით არჩევნები მაინც ჩატარდება, თუ ერთი ადამიანი გამოეთიშა და ორი დარჩა. არძინბას კლანს გაუჩნდა შანსი, რომ ხელახლა მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არ იქნება დასასრული, ეს იქნება დასაწყისი ხელახალი მორიგი არეულობისა აფხაზებს ეს გამოსდით“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის თქმით, „რუსეთი არ არის ასეთი წინდაუხედავი, რომ ასე ემოციურად მოაცილოს ადამიანი და არეულობა შექმნას“.
„თუ ეს მოწამვლაა და ხელოვნური ავადმყოფობააა, ეს უფრო შიდა მოვლენაა. თუ ვინმეს ეჭვი აქვს, რომ ბჟანიას მოცილება უნდათ, ეს ვიღაცა არის არა რუსეთი, არამედ ეს არის შიგნით ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ ბჟანიამ დაიწყოს კორუფციისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა.
ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ის მართლა ავადააა, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ვიღაცამ დასაჯა, მაგრამ ეს ვიღაცა რუსეთი არაა.
რუსეთისთვის მისაღებია ყველა კანდიდატი, რომელიც გამოხატავს აფხაზი ხალხის კონსესუსს. რუსეთმა თავისი სტრატეგიული ამოცანა, უძრავი ქონების თუ მიწების საკითხზე, ვერ შეასრულა ვერც არძინბასთან, ვერც ბაღაფშთან, ვერც ანქვაბთან და ვერავისთან .აშკარად ჩანს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევს რუსეთი. ამ ფონზე რუსეთი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა და არ მოწამლავდა ბჟანიას. რუსეთი არ არის ასეთი წინდაუხედავი, რომ ასე ემოციურად მოაცილოს ადამიანი და არეულობა შექმნას. მას უამრავი საწამლავი აქვს,რომ მისთვის მიუღებელი ადამიანები მოსპოს, მაგრამ პრობლემა ისაა, შედეგად რას ღებულობს? და თუ შედეგად ღებულობს არეულობასა და ანტირუსულ განწყობებს, ის ამაზე არ წავა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ არაა გამორიცხული, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს.
„თუ დაიწყო დაძაბულობა და მე ვხედავ, რომ ამის საკმაოდ მაღალი შანსია, მაშინ ბჟანიას მომხრეები გაიმარჯვებენ. ისინი დაიკავებენ სახელმწიფო დაწესებულებებს, მოახდენენ მუშაობის პარალიზებას. იქ არ არსებობენ ძალოვანი სტრუქტურები, რომ გაუმკლავდნენ მასობრივ პროტესტს და არც სურვილი აქვთ ამის. ამ ფონზე, მაღალი შანსია, რომ ბჟანიას მომხრეებმა მოახერხონ და ძალისმიერი მეთოდებით გააჩერონ საარჩევნო კამპანია. მეორეა ის, თუ ბჟანიას მომხრეები წავლენ მეორე გზით. მათი ე.წ კანონმდებლობით, რომელიც ქართულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობაშია, არჩევნებზე მისული ადამიანების რაოდენობა უნდა აღემატებოდეს რაღაცას, თუ არადა არჩევნები არ შედგება. თუ არჩევნებზე არ მივა ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა, ამ შემთხვევაში არჩევნები არ შედგება. ბჟანიას მომხრეებს აქვთ შანსი, გამოაცხადონ ბოიკოტი და არ მიიყვანონ ამომრჩევლები. მაგრამ თუ მაინც მივიდა ამომრჩეველი და ჩატარდა არჩევნები, გაიმარჯვა სხვა მხარემ, მერე შეიძლება, დაიწყოს რევოლუციური პროცესი.
ჩვენ უნდა დავაფასოთ აფხაზი ხალხის სითამამე, ახლა მაინც. ვხედავთ, რომ ისინი რუსების ყურმოჭრილი მონები არ არიან და მაქსიამლურად ცდილობენ, სადაც შეუძლიათ, წინააღმდეგობა გაუწიონ, როგორც პოლიტიკაში სხვადასხვა თემაზე, ისევე – განცხადების დონითაც კი. ამიტომ, ქართული პოლიტიკა გონს უნდა მოეგოს და დაიწყოს პირდაპირი კონტაქტები აფხაზურ მხარესთან“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია სამი დღის წინ მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ე.წ. არჩევნები 22 მარტსაა დანიშნული.ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ასლან ბჟანიას შტაბში აცხადებენ, რომ თუ ბჟანია 22 მარტს დაგეგმილ „არჩევნებში“ ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას, შტაბი მისი გადადების საკითხს დააყენებს.
ასლან ბჟანიას მხარდამჭერები გუშინ აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი მესამე სართულზე ავიდნენ, სადაც ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერიამ ბგანბა მომიტინგეებთან შეხვედრას მართავდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას ასობით მხარდამჭერი ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდა. მათი თქმით, არჩევნებამდე „ქვეყანაში“ საპარლამენტო მმართველობა უნდა დამყარდეს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები