“რესპუბლიკური საავადმყოფოს კარანტინში 24 ადამიანი იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კარანტინში ამ დროისთვის 24 ადამიანი იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებისთვის ხელახალი გამოკვლევები საჭირო არ არის.
„ოთხ პაციენტს გუშინ საღამოს აღენიშნა ცხელება 37.2 და 37.5-ის ფარგლებში. აქედან, ამ დილით ტემპერატურა ორს აღარ აქვს. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება და მკურნალობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან ყველა პაციენტი არის ნეგატიური ანალიზით, ანუ მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსის არსებობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. რაც შეეხება პაციენტების გაწერას – გუშინ და დღეს ხუთი პაციენტი გაეწერა, რადგან მათ არანაირი კლინიკური სიმპტომი არ უვლინდებათ. ისინი თვითიზოლაციაზე არიან თანახმანი. თვითიზოლაციაზე ეპიდემიური სამსახური იღებს გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც საცხოვრებელ პირობებს შეამოწმებს. ასეთი პაციენტები თვითიზოლაციაში არიან იმ სავალდებულო ორი კვირის განმავლობაში, რაც ესაჭიროება კარანტინს. რესპუბლიკურში მოთავსებული პაციენტებისთვის ხელახალი გამოკვლევები საჭირო არ არის. ანალიზები გამეორებას, ასეთ შემთხვევაში, არ მოითხოვს. ასეთი პაციენტები მხოლოდ დაკვირვებას მოითხოვენ, რადგან საერთაშოროსო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციას გვაძლევს, რომ არ არის საჭირო ყოველ მეორე დღეს ვირუსზე პაციენტების კვლევა. ისინი სწორედ ამიტომ არიან კარანტინის პირობებში, რათა დავაკვირდეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და გამოვრიცხოთ, ხომ არ არის რაიმე საეჭვო სიტუაცია, რომ განმეორებით იქნეს ანალიზები აღებული“, – განაცხადა გოფოძემ.