ხათუნა ზახაშვილი: ვიმედოვნებ, ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველები, რომლებიც თავიანთი საქმიანობისას კორონავირუსით დაავადდებიან
“ძალიან გთხოვთ, როდესაც ცდილობთ, აიღოთ ინტერვიუ ნებისმიერი ადამიანისგან, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, ჩათვალეთ, რომ ყველა მათგანი შესაძლოა, იყოს შესაძლო შემთხვევა და დაიცავით წესები”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ჟურნალისტებს რეკომენდაციები მისცა.
„ძალიან გთხოვთ, როდესაც ცდილობთ, აიღოთ ინტერვიუ ნებისმიერი ადამიანისგან, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია იმ ქვეყნებში, რომლებიც არაერთხელ გამეორდა, ანუ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, ჩათვალეთ, რომ ყველა მათგანი შესაძლოა იყოს შესაძლო შემთხვევა და დაიცავით წესები. კერძოდ, მოერიდეთ ახლო კონტაქტს ნიღბის გარეშე. კარგია, თუ ნიღაბი ეკეთება თქვენს რესპონდენტსაც. ასე უფრო მეტად დაცულები იქნებით.
დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ინტერვიუ აიღეთ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით და ნუ დადგებით ამ ადამიანთან ძალიან ახლოს. ინტერვიუს დასრულების მერე, მიკროფონები უნდა გაიწმინდოს და მოერიდეთ ღრუბლიანი მიკროფონებით ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას. არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე მოაწესრიგეთ ეს, ჩემზე კარგად თქვენ იცით.
შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია. დადექით ასეთი ადამიანებისგან მეტრით, მეტრა-ნახევრის დაშორებით. ასეთ მანძილზე მათ მიერ გამოტყორცნილი წვეთები თქვენამდე არ მოაღწევს და მოერიდეთ ინტერვიუს საერთოდ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ და ამ სახით ძალიან ინტენსიურად გამოყოფენ შესაძლო გამომწვევს. ასე გამოიყოფა არა მარტო COVID- ის გამომწვევი, არამედ ნებისმიერი რესპირაციული, ვირუსული ინფექციის გამომწვევი და თქვენთვის მართლა მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსი დაგაზიანებთ. ავადობა ყოველთვის არის ავადობა და ცუდად გრძნობთ მერე თავს.
სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე რეკომენდებულია დაამუშავოთ აპარატურა სადეზინფექციო ხსნარებით. სველი წესით გაწმენდა და დეზინფექცია ჩაუტარდეს ყველა იმ ნივთს, რომელიც ხშირად გამოყენებადია ანუ, რასაც ყველაზე ხშირად ეხებით ხელებით და დაიცავით რესპირაციული ჰიგიენის ზოგადი წესი, რასაც ჰქვია სუფთა ხელები. ხშირად დაიბანეთ ხელები და დაუშვებელია ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს.
თუ ამ წესებს დაიცავთ, ვიმედოვნებ, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიქნებით და ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით”,- განაცხადა ზახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული.