ISET: საქართველოში ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში „ბიზნესის განწყობის ინდექსი“ (BCI) 7.3 პუნქტით გაიზარდა და 25.8-ს გაუტოლდა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული „ბიზნესის განწყობის ინდექსის“ თანახმად, ბიზნესის ოპტიმიზმი ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის სექტორში გაიზარდა, შემცირება კი მხოლოდ მომსახურების სექტორში დაფიქსირდა.
„თუ ინდექსებს საწარმოთა ზომის მიხედვით ჩავშლით, შევნიშნავთ, რომ ბიზნეს განწყობის, მიმდინარე მდგომარეობისა და ბიზნესის მოლოდინების ინდექსები გაუმჯობესდა როგორც დიდი, ისე – მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. რაც შეეხება გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსს – ის გაიზარდა დიდი კომპანიებისთვის, ხოლო შემცირდა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის.
ბიზნესსაქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად როგორც დიდი, ისე – მცირე და საშუალო ზომის ფირმები, კვლავ მოთხოვნისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირეს ასახელებენ“, – აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.