მირიან ყარაულაშვილი: ეკატერინე ტიკარაძემ მანკიერი სისტემის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა დაიწყო და სამედიცინო სისტემის სრულიად ახალ რელსებზე გადაყვანა უჩუმრად მოახერხა

ეკატერინე ტიკარაძემ მანკიერი სისტემის წინააღმდეგ დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა და სამედიცინო სისტემის სრულიად ახალ რელსებზე გადაყვანა უჩუმრად მოახერხა, – ამის შესახებ ექსპერტი, მირიან ყარაულაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მის მეხსიერებაში არსებულ პერიოდში ქვეყანას მსგავსი წარმატებული ჯანდაცვის მინისტრი არ ჰყოლია.

„უკვე მომაბეზრებლად ბევრჯერ შემხვდა აქ ჯანდაცვის (და კიდევ სხვა რაღაცების!) მინისტრის, ქალბატონი ტიკარაძის ლანძღვა-გინება და დაცინვა და დაკნინება… ვისაც გნებავთ გეწყინოთ, ვის კიდევ – გაგიხარდეთ:

ამ ქალბატონმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე სერიოზული ბრძოლა დაიწყო სისტემაში ფინანსური და სტრუქტურული წესრიგის დასამყარებლად, რომელსაც წლების განმავლობაში სხვადასხვა პრეზიდენტის, მთავრობის თუ მინისტრის ხელმძღვანელობით უსერიოზულესი, ზოგჯერ გამოუსწორებელი დამღა, და არა ერთი უარყოფითი დამღა დაესვა – დაწყებული ჯორბენაძედან და დამთავრებული სერგეენკოთი!

ყველა მათგანი, პირველ რიგში, დაკავებული იყო საკუთარი პიროვნების (და არა სამინისტროს და სისტემის) ე.წ. “გაპიარებით” და იმავე სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯზე ახერხებდნენ იმას, რომ სხვადასხვა მოსყიდული პრესის და მედიასაშუალებათა ხელშეწყობით მოსახლეობაში პოპულარობა მოეპოვებინათ და ზოგჯერ კი შეუცვლელის სახელიც დაემკვიდრებინათ (გვარს არ დავასახელებ – ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო!)… ამ ფონზე კი დიდი “მაყუთის” კეთების მადაზე მოსულმა უფროსმა და უმაღლესმა სამედიცინო მენეჯმენტმა (და არა “უბრალო”, მკურნალმა ექიმებმა) დაიწყო გაუმართლებლად მაღალი შრომის ანაზღაურების, და შესაბამისად გაწეული მომსახურების კალკულაციების გაუმართლებლად, დაუსაბუთებლად გაზრდა, რის საფუძველზედაც წახალისდა არასაჭირო ქირურგიული ოპერაციები, ბევრჯერ არასაჭირო ონკოლოგიური ქიმიო და სხივური თერაპიები, უმეტეს შემთხვევაში არასაჭირო კარდიო-ვასკულარული ოპერაციები და პროტეზირებები, გახშირდა არასაჭირო საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პროტეზირება და სხვა… ამის ხარჯზე და სახელმწიფო სადაზღვევო სისტემის და კერძო სადაზღვევო კორპორაციების კარტელური გარიგებებით სამედიცინო მენეჯმენტთან მოხდა ის, რომ უმაღლესი და მაღალი დონის მენეჯერებმა ევროპული ქვეყნებისთვისაც კი გაუმართლებლად მაღალი შრომის ანაზღაურება დაუნიშნეს საკუთარ თავს, მაშინ როდესაც ავადმყოფთან უშუალოდ შეხებაში მყოფი ექიმები და უფრო დაბალი კვალიფიკაციის მომსახურე პერსონალი (ექთნები, სანიტრები და ა.შ.) გაუმართლებლად მიზერულ ხელფასზე იყვნენ გადაყვანილნი.

ქალბატონმა ტიკარაძემ ზუსტად ამ მანკიერი სისტემის წინააღმდეგ დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა და უჩუმრად, ყოველგვარი “ფი-არ” აქციების, სატელევიზიო ვარსკვლავობანას და პრესკონფერენციების გარეშე მოახერხა სამედიცინო სისტემის სრულიად ახალ რელსებზე გადაყვანა, რაც, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, შეეხო და დარტყმა მიაყენა ზუსტად იმ მაღლა ნახსენებ ჰიპერმაღალ ხელფასებს და მათ მფლობელებს, რამაც მოსალოდნელი გამოხმაურება ჰპოვა მათსავე დაქირავებული პრესის და მედია-საშუალებების ყოველდღიურ რეპორტაჟებსა თუ შეკვეთილ ტელეგადაცემებში, ალბათ, ბეჭდურ მედიაშიც.

ზუსტად ამ მტკივნეულ მომენტს დაემთხვა ახალი ვირუსის გამოჩენა სამედიცინო სამყაროსა და შემდეგ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში; ახლა უკვე ახალი ტალღა დაიწყო ქალბატონი მინისტრის მიმართ სხვადასხვა ტონში გაქილიკებისა და დაუმსახურებელი დაცინვის თუ დამცირების მცდელობებისა.

არადა, ქალბატონმა ტიკარაძემ, ამ ერთი შეხედვით სუსტმა, სიფრიფანა არსებამ გაბედა და შეატორტმანა სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე დიდი ულუფის მხარჯველი სისტემა! შეატორტმანა ისე, რომ ჯერ კიდევ აზრზედაც ვერ მოვიდნენ ის ბატონები და ქალბატონები, რომელთა “დამსახურებებზედაც” ზემოთ დავწერე!

ამ ეპიდემიის პირობებშიც, მე რასაც ვუყურებ, მშვენივრად მართავს პროცესებს მინისტრი და სამინისტრო. ყველა მათგანი აკეთებს იმას, რაც ავალიათ და რაც ეკუთვნით კანონით და ალბათ, შესაბამისი დირექტივებით!

მე პირადად, როგორც ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, უდიდესი მადლიერების გრძნობით აღვნიშნავ ქალბატონი მინისტრის კვალიფიცირებულ, უმაღლესი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით გაჯერებულ საქმიანობას დანიშვნიდან სულ რამოდენიმე თვის განმავლობაში და ვთვლი, რომ ქვეყანას ჩემს მეხსიერებაში არსებულ პერიოდში არ ჰყოლია მსგავსი წარმატებული ჯანდაცვის (და კიდევ სხვა რაღაცებდამატებული!) მინისტრი, არც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და არც ცოტა ადრეც (თუ არ ჩავთვლით ბატონი მენაღარიშვილის მინისტრობას 80-იანების ბოლოს ექსტრემალურ პირობებში).

დიდი მადლობა ქალბატონო მინისტრო ყველაფერი იმისათვის, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ ქართული მედიცინისთვის!”, – წერს მირიან ყარაულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები