„გადავწყვიტეთ, გვქონოდა ბრძოლის სხვანაირი ტაქტიკა“ – რატომ დატოვეს „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ ლიკა გამრეკელმა და შაკო კუჭაშვილმა

ლიკა გამრეკელი და შაკო კუჭაშვილი ორგანიზაცია ”შევინარჩუნოთ სიცოცხლის ” დატოვების მიზეზებზე საუბრობენ.

როგორც გამრეკელმა მედიაჰოლდინგ ”კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფულთან დაკავშირებით მოხდა კონფლიქტი, სიცრუეა.

”ეს ორგანიზაცია დავტოვეთ რიგი მიზეზების გამო ,რომლის გაჟღერებაზეც თავს ვიკავებდით. თუმცა გავრცელებული ცრუ იმ ფორმაციის გამო იძულებულები გავხდით, დამატებითი კომენტარები გაგვეკეთებინა. ჭორები იმის შესახებ, რომ მოხდა კონფლიქტი რაღაც ფულთან დაკავშირებით, სიცრუეა. სასაცილოც კია ამ ყველაფრის გაჟღერება და კომენტარის გაკეთება.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვქონოდა ბრძოლის სხვანაირი ტაქტიკა. გადავწყვიტეთ გაგვეკეთდეს ერთიანი კოალიცია, რომელიც თავის თავში მოიაზრებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ ცალკეული პირების გაერთიანებას, რომელიც ერთიანი შემართებით იბრძოლებს დესტრუქციული ძალების წინააღმდეგ. ვგულისხმობ „ნაცებს“ და „ევრონაცებს“. კოალიცია რამდენიმე დღეში შეიქმნება. მოლაპარაკებები გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კოალიციაში იქნებიან შვილმკვდარი ოჯახები. ჩვენ პოლიტიკურ სანაგვე ურნაში უნდა გადავყაროთ „ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხლეტები. აქციებიც იქნება. „ ნაცმოძრაობა „არ ჩერდება, ვფიქრობთ, რომ ზუსტად იგივე პასუხი უნდა გავცეთ მათ, თუ არა უფრო მწვავე, როგორც იქცევიან”, – განაცხადა ლიკა გამრეკელმა.

როგორც შაკო კუჭაშვილი განმარტავს, მოკლული ბუტა რობაქიძის მამასთან, სოსო რობაქიძესთან კონფლიქტი არ ყოფილა.

„სოსო რობაქიძესთან დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენი წამოსვლის მიზეზი უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი აქტივობებია. სოსო რობაქიძეს შვილი მოუკლეს, გამწარებული მამაა. იბრძვის რამდენიმე წელია. გვესმის მისი სტრესი და დეპრესია. შეიძლება რაღაცაში ვერ აჰყვეს ახალგაზრდებს. რაც შეეხება დეზინფორმაციას, რომელიც გავრცელდა, ეს არის ბინძური ადამიანის მიერ შეთითხნილი ბინძური ცილისწამება რომელსაც ნორმალური ადამიანი არ იკადრებს”, – განაცხადა კუჭაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები