იმერეთში სოფლად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა გაიმართა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სოფლად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა გაიმართა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) წარმომადგენელმა საქართველოში, ლალი დურმიშიძემ მუნიციპალიტეტების მერებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით, “მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DiMMA) პროგრამა“ დაიწყო. პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სიღარიბის დაძლევა კონკურენტუნარიანი, მდგრადი და დივერსიფიცირებული მერძევეობის ინდუსტრიის განვითარების გზით.
პროგრამის განხორციელება 6 წლიან პერიოდს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 46.9 მილიონ ევროს შეადგენს.
პროგრამის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებით წარიმართება: სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა/აღჭურვა, ბენეფიციართა სწავლება – რძის წარმოების ტექნოლოგიებში, სურსათის უვნებლობის საკითხებში, HACCAP სტანდარტებში, თანამედროვე საკვები ბაზისა და დაავადებების მართვის საკითხებში, თანადაფინანსებაზე დაფუძნებული გრანტების გაცემა, საძოვრების მოწესრიგება, საძოვრებთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
პროექტის ბენეფიციარები იქნებიან როგორც ინდივიდუალური ფერმერები, ასევე კოოპერატივები და საწარმოები. პროგრამის განმახორციელებელი უწყებაა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი არეალია: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.