გიორგი ვოლსკი: პრემიერი მართალია, უსაფრთხოების სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია

„პრემიერ-მინისტრი მართალია. საქართველოს-პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია”, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„დედაქალაქების გადაწყვეტილებებზე გავლენა ძალიან რთულია იმ პირობებში, როდესაც არ არის ერთიანი პოზიცია. ევროკავშირს ერთიანი საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია და ეს დასამალი არავისთვის არ ყოფილა. ქვეყნებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. იგივე რუსული ფაქტორის, ოკუპირებული ტერიტორიების მოცემულობის გათვალისწინებით, მაგრამ მთლიანობაში, პრემიერ-მინისტრი მართალია. საქართველოს-პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია. ეს ადვილი არ არის. ეს არ არის ის, რომ შეიკრიბონ და პრემიერ მინისტრის განცხადება განიხილონ ამასთან დაკავშირებით და ხელის აწევით გადაწყვიტონ საკითხი”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს, საქართველოს ინტერესები კი ცალსახაა იმ განცხადებებიდან, რაც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა.

„მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მიიღებს, მაგრამ ჩვენი ინტერესები გამომდინარეობს იმ განცხადებიდან, რაც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა. ასე, რომ რეალობაში ეს არ არის თხოვნის და ამ თხოვნის განხილვის თემა. საერთო ინტერესები უნდა ამოძრავებდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, იმისათვის, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესის მქონე საკითხია ეს. ჩვენ უსაფრთხოება გვჭირდება სტაბილური განვითარებისთვის. დანარჩენი ნიუანსების საკმაოდ რთულია და ამ რთულ ნიუანსებს ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაუსწორონ თვალი”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები