ჯალილ მამედყულიზადეს თბილისური სატირა

საქართველოში გამომავალი ცნობილი გამოცემის „მოლა ნასრედინის“ დამაარსებელსა და რედაქტორს, ჯალილ მამედყულიზადეს 22 თებერვალს 151 წელი უსრულდება.

ჯალილ მამედყულიზადე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელმაც ცხოვრების სერიოზული პერიოდი საქართველოში გაატარა.

მისი ოჯახი ირანიდან გადმოსახლდა ნახიჩევანში. პატარა ჯალილმა დაწყებითი განათლება მედრესის სასულიერო სკოლაში მიიღო, სადაც, რელიგიურ განათლებასთან ერთად, ბავშვებს არაბულსა და სპარსულს ასწავლიდნენ.

ჯალილ მამედყულიზადემ მოგვიანებით სწავლა განაგძო გორის სემინარიაში , რომელიც ამიერკავკასიის დაწყებითი კლასებისთვის მასწავლებლებს ამზადებდა. სწავლება ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე იყო. სემინარიამ ამიერკავკასიაში იმდროინდელი ინტელიგენციის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა. გორის სემინარიაში აღიზარდნენ:

ნარიმან ნარიმანოვი, ფირიდუნ-ბეგ კოჩარლი, უზეირ ჰაჯიბეგოვი, მაჰმუდბეგ მაჰმუდბეგოვი , რაშიდბეგ აფანდიევი, სულეიმან სანი ახუნდოვი, მუსლიმ მაგომაევი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო და თედო რაზიკაშვილები, ლადო აღნიაშვილი, ნიკო ჯანაშია და სხვები.

სემინარიის დამთავრების შემდეგ ჯალილ მამედყულიზადე ცდილობს, ძირეულად გარდაქმნას აზერბაიჯანული სალიტერატურო ენა და დიდ ენერგიას დებს საგანმანათლებლო საქმიანობაში.

ის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო აზერბაიჯანული დამწერლობის ლათინურ შრიფტზე გადასვლის.

1903 წელს ჯალილ მამედყულიზადე თბილისში გადმოდის საცხოვრებლად,სადაც მუშაობას იწყებს პირველ აზერბაიჯანულენოვან გაზეთში “შარგი რუს-ში“ (რუსეთის აღმოსავლეთი).

1905 წელს ჯალილ მამედყულიზადე მეგობართან ერთად ყიდულობს სტამბას,ხოლო 1906 წლიდან თანამოაზრე, ომარ ფაიგთან ერთად აარსებს ყოველკვირეულ სატირულ გამოცემას „მოლა ნასრედინს“ , რომელსაც, იმ პერიოდში, ადამიანთა ცნობიერებაში ახლებული აზროვნების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა.

გამოცემის ილუსტრატორები თბილისელი გერმანელები, ოსკარ შმერლინგი და როტერი იყვნენ, რომლებმაც სრულიად ახალი სტილი დაამკვიდრეს საგაზეთო გამოცემებში.

ომარ ფაიგი და მამადგულუზადე აქვეყნებდნენ კარიკატურებსა და სტატიებს, იმ დროსათვის, კავაკსიაში არსებულ პრობლემებზე, ქალთა ჩაკეტილობაზე, სახელმწიფო მოხელებისა და პოლიციის არაკეთილსინდისიერებაზე.

”მოლა ნასრედინის” ფურცლებზე ასევე ქვეყნდებოდა სხვა პოეტებისა და პროზაიკოსების ფელეტონები.

„მოლა ნასრედინის“ რედაქტორი ჯალილ მამედყულიზადე 25 წლის განმავლობაში თითქმის შეუცვლელად იყო. გამოცემა არსებულ ყოფას მწვავედ აკრიტიკებდა, რის გამოც რუსეთის ცენზურის მიერ იდევნებოდა. რამდენჯერმე მისი დახურვაც კი სცადეს.

ჯალილ მამედყულიზადე ცნობილია როგორც ქველმოქმედიც. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, როცა ადამიანები შიმშილობდნენ, მისი ოჯახი პურს აცხობდა ღარიბებისთვის და არიგებდა.

1921 წელს ჯალილ მამედყულიზადეს რევოლუციური კომიტეტში კომისრის ადგილი შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ ჯალილ მამედყულიზადე ბაქოში გადადის საცხოვრებლად.

1932 წელს 66 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში, ძირითადად, მემუარებს წერდა.

ჯალილ მამედყულიზადემ უდიდესი როლი ითამაშა სოციალურ-პოლიტიკურ აზროვნების ფორმირებასა და კრიტიკულ რეალიზმის განვითარებაში.

წყარო :https://report.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები