არჩილ თალაკვაძე: რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და პროვოკაციების გზით ჩვენთან ურთიერთობას, რაც მიუღებელია
რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და პროვოკაციების გზით ჩვენთან ურთიერთობას, რაც მიუღებელია,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან, საოკუპაციო ზოლთან სეპარატისტული რეჟიმის ძალოვნების მიერ 17 წლის მოზარდის დაკავებას.
“რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და პროვოკაციების გზით ჩვენთან ურთიერთობას, რაც მიუღებელია. რა თქმა უნდა მშვიდობიანი, პრინციპული ნაბიჯებით, რეფორმებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებით, ჩვენი ინტეგრაციით ნატოსა და ევროპულ სტრუქტურებში შევძლებთ, რომ რუსეთის ოკუპაცია დავასრულოთ ამ ქვეყანაში”,- განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ადგილობრივების ინფორმაციით, სეპარატისტული რეჟიმის ძალოვანებმა 17 წლის მოზარდი მაშინ დააკავეს, როდესაც ის თანასოფლელებთან ერთად ტყეში იმყოფებოდა. “სუს”-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.