არჩილ თალაკვაძე: იუნკერებმა თავი შესწირეს საქართველოს მთლიანობას, დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის

ჩვენმა ქვეყანამ ბევრი განსაცდელი გამოიარა და დღესაც დგას გამოწვევების წინაშე, მხოლოდ უანგარო მსახურებით, თავდადებით და იმის განცდით, რომ სამშობლო არის უპირველესი, ჩვენ შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული დღეა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვართ ამაყები, რომ საქართველოს ისტორიის ეს მძიმე ფურცელი არის დაწერილი ჩვენი თანამოქალაქეების თავგანწირვით სამშობლოს წინაშე. წლების შემდეგ, როდესაც სამხედრო სკოლის იუნკერებმა თავი შესწირეს საქართველოს მთლიანობას, საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამ ბრძოლას ძლიერ მაგალითად მოჰყვება ახალგაზრდების თავდადება, რომელთაც კოჯორსა და ტაბახმელაში თავი შესწირეს უთანასწორო ბრძოლას რუსეთის არმიასთან. ჩვენმა ქვეყანამ ბევრი განსაცდელი გამოიარა და დღესაც დგას გამოწვევების წინაშე. მხოლოდ უანგარო მსახურებით, მხოლოდ თავდადებით და იმის განცდით, რომ სამშობლო არის უპირველესი, ჩვენ შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. მინდა პატივი მივაგო ჩვენი გმირების ხსოვნას და პატივისცემა გამოვხატო, ქედი მოვიხარო მათი შთამომავლობის წინაშე, რომლებიც დღეს, აქ ჩვენთან არიან, ისევე, როგორც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, მათაც ეამაყებათ ეს გმირული ისტორია. ღმერთმა დალოცოს საქართველო“,- განაცხადა თალაკვაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები