სალომე ზურაბიშვილი: ვიღაცამ გაბედა და პარლამენტში საბჭოთა ჰიმნი გააჟღერა, ეს იუნკერების შეურაცხყოფაა

ძალიან იშვიათია, იდგე იმ ადგილას, სადაც მართალნი განისვენებენ, – ამის შესახებ პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება იუნკერების შეურაცხყოფაა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და მთლიანად საზოგადოება არ არის შეკრებილი. სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და ამ ადგილას გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი, ეს არის ამათი შეურაცხყოფა. ყველაფერი შეიძლება, ყველანაირი კრიტიკა, ყველანაირი დაცინვა, მაგრამ რაღაცები არ შეიძლება და ეს არის ის, რაც უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობას, რომ რაღაც არ შეიძლება, რომ რაღაცაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი თუ გვინდა გამარჯვება. ბრძოლა გრძელდება, როცა პატივს მივაგებთ ტატუნაშვილის ხსოვნას, გრძელდება, როცა დღეს კიდევ იტაცებენ ახალგაზრდა ბიჭს, 17 წლისას, როგორიც იყო გივი ღამბაშიძე, როცა წავიდა ტაბახმელაში და იქიდან ომის დღიურებს წერდა. ეს არის ჩვენი ბედი და ამ ბედს ჩვენ ვერ შევხდებით თუ არა ერთიანად, თუ არა გულწრფელად. ერთიანად იმ მთავარზე, რაც არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, ქვეყნის სუვერენობა“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ თბილისში გამოიყოს ადგილი, სადაც ყველა ომში დაღუპულების მემორიალი იქნება.

„ბოლოს მინდა, ერთი აზრი დავტოვო თქვენთან – ალბათ დრო მოვიდა, ჩვენ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის, არა ის პატარა დაფა, რაც გარეთ არის, არა ეს ადგილი, რომელიც შიგნით არის და საზოგადოება ვერ შემოდის ისე ადვილად, როგორც საჭირო არის. რამე ადგილი, სადაც 9 აპრილის დაღუპულები, როგორც ყველა ჩვენ ომში და ყველა ჩვენს ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად და სადაც შევძლებთ, შემეცნებითი ნაწილიც იყოს, რომ ახალგაზრდები სკოლებიდან მივიდნენ და პატივი მიაგონ და გაიგონ, თუ რა ხდებოდა, რამდენი ბრძოლა ჩაატარა ამ ქვეყანამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენმა დალია სული და რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ყველამ უნდა ვცეთ პატივი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები