ტექნოპარკში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო.

სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

ბილ რაიჰართისილიკონ ველი, Garage Technology Ventures- ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ჩერჩილის კლუბისა და VC Taskforce-ის მცირე გრანტთა მრგვალი მაგიდის თავმჯდომარე, Garage.com-ისა და ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი. 1998 წელს ბილ რაიჰართმა დააფუძნა კომპანია გაი კავასაკისთან ერთად. მან ინვესტიციები განახორციელა მყარი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებში. არის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.

ჯონათან თაუერი – გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. ჯონათან თაუერმა 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში სამი ძირითადი მიმართულებით: მომხმარებელი (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).

ლუკ კოვალსკიOracle-ის ვიცე პრეზიდენტი. მისი მიმართულებაა ტექნოლოგიური სტრატეგია, ინდუსტრიის სტანდარტები, უსაფრთხოება და სამთავრობო ურთიერთობები. მუშაობდა სტარტაპებთან ბიზნესის მოდელირებისა და ტექნიკური დიზაინის მიმართულებით, მათ შორის – Netscape’s Server-თან ელექტრონული კომერციის დარგშიც. იგი ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის, Pratt Institute-ისა და ტეხასის არლინგტონის უნივერსიტეტის მაღალ საგანმანათლებლო ხარისხებს. ამჟამად ასწავლის ბერკლის საინჟინრო კოლეჯში ბლოკჩეინის ლაბორატორიაში.

მარვინ ლიაო – ინვესტორი, ადრეული ეტაპის ვენჩურული კაპიტალისტი. იყო ვენჩურული კაპიტალის ფონდის ,,500 სტარტაპის“ მმართველი პარტნიორი, სან ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა აქსელერატორის პროგრამას და ახორციელებდა ინვესტიციებს ადრეული ეტაპის სტარტაპებში. 6 წლის განმავლობაში ინვესტიცია განხორციელებული აქვს ადრეული ეტაპის 414 სტარტაპში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანიაში Yahoo! გლობალური მენეჯმენტის მიმართულებით მმართველობით პოზიციებზე და მოიცავდა აზიის, ევროპის, ლათინური ამერიკისა და აშშ-ის ბაზრებს. ამჟამად წარმოადგენს ინტერნეტ-რეკლამისა და ტექნოლოგიური კომპანიების მრჩეველთა საბჭოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რავი ბელანი – 2012 წლიდან არის Alchemist Accelerator-ის მმართველი პარტნიორი და სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი. Alchemist Accelerator წარმოადგენს ვენჩურული ინვესტორების ინიციატივას, რომელიც ემსახურება ისეთი სტარტაპების აქსელერაციას, რომელთა შემოსავალი გენერირებულია კომპანიების და არა მომხმარებლის მიერ. 2008 წლიდან არის კომპანიების Justin.TV, Pubmatic, Komli, Badgeville, AppCentral, Vizu, Layer8, Loki Studios, Dijit, Redux-ის მრჩეველი და ინვესტორი. 2000-იანი წლებიდან აქტიურად მოღვაწეობს სტარტაპ-ეკოსისტემის სფეროში. ფლობს ჰარვარდის ბიზნეს სკოლისა და სტენფორდის უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხს ბიზნესისა და ინდუსტრიული ინჟინერიის მიმართულებით.

პროგრამის ორმა ფინალისტმა საკუთარი გადაწყვეტილებით უარი თქვა საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციის წარდგენაზე და ორივე მათგანი გამოეთიშა პროგრამას, მათ ნაცვლად კი სარეიტინგო შეფასების შესაბამისად 100 000 ლარის ოდენობის გრანტისთვის ბრძოლას იწყებენ სტარტაპები Shopping Assistant და Transcoder Optime.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 25 თებერვალს გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 8 ნოემბერს მეოთხედ გამოაცხადა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები