დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ურთულეს გარემოს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.
მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ევროკავშირის ინიციატივით დაგეგმილ მაღალი დონის პანელზე სახელწოდებით: „Good Human Rights Stories about “Women Empowerment and Gender Equality”, აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს 15 სახელმწიფოს შორის ვინც ევროკავშირმა გაეროსთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებში შეიყვანა.
ღონისძიების მონაწილეებს, დავით ზალკალიანთან ერთად სიტყვით მიმართავენ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში ემონ გილმორი, ნორვეგიის, ინდონეზიის, კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა.
ვიზიტის დროს, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, კერძოდ: გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერესთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორთან ფრენსის გარისთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან, ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეთ ტიჩი-ფისლბერგერთან. მინისტრი ასევე შეხვდება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ენ ლინდეს და მალდივების საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა შაჰიდს.