რატი იონათამიშვილი: თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში

„რჩება ძალიან ცოტა დრო იმისათვის, რომ ეს შეთანხმება იქნას მიღწეული, იმიტომ, რომ ტექნიკურად უკვე შემდეგ ცვლილებების განხორციელება აღარ იქნება შესაძლებელი. თუ გაერთიანებული ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ახლა ოპოზიციას უწოდებს თავს, შეიცვლის პოზიციას, ვფიქრობ ეს იქნება უკეთესი. თუ ერთხელ მაინც მოიქცევიან ისინი არა საკუთარი თავის და ინტერესების, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების მიხედვით. თუ არა, მე ვფიქრობ, რომ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ნამდვილად დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხელისუფლების პოზიცია იყო კომპრომისული და კვლავ ასეთად რჩება. მისივე თქმით, ხელისუფლების შეთავაზებაზე ევროპელი პარტნიორების მხრიდან იყო პოზიტიური შეფასებები.

„ჩვენ ვდგავართ ჩვენს აზრზე და არ ვიცვლით პოზიციას ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ ჩვენს წინადადებაზე ევროპელი პარტნიორების მხრიდან იყო პოზიტიური შეფასებები და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ მოლაპარაკება შედგეს. იმიტომ, რომ საზოგადოების დაკვეთა დღეს არის ის, რომ ჩავატაროთ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რის პასუხისმგებლობასაც სრულად ვიღებთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის, ასევე ჩვენი ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორის წინაშე. ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ.
ეს არის ჩვენი გონივრული შეთავაზება და ეს შეთავაზება პირველ რიგში არის განპირობებული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და ვფიქრობ ეს არის სწორი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან და მინდა დაგარწმუნოთ თითოეული ამომრჩეველი, როგორი საარჩევნო სისტემითაც არ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობით, რასაც ქვეყნის და ჩვენი მოქალაქის უკეთესი დღე და კეთილდღეობა ჰქვია. ჩვენ უპირატესობას მოვიპოვებთ საქმით და არა უსაქმურობით“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები