ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს

„2019 წელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური გუნდი აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც წარმოუდგენელია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის გარეშე. ამ მხრივ მართლაც კარგი მიღწევები გვაქვს”, – ამის შესახებ ნათია თურნავამ „ტექნოპარკში” გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს 5 წლის მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სტარტაპების მხარდაჭერის პირველ პროგრამას, რომელიც 100 000-იანი გრანტებით დაფინანსებას გულისხმობდა. მინისტრის თქმით, პროგრამისადმი ინტერესი იყო ძალიან დიდი და საჭირო გახდა მისი შემდგომი გაგრძელება, პროგრამას მთავრობის მხრიდან დაემატა 650 000-იანი გრანტები.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს უკვე 60-მდე ბენეფიციარია დაფინანსებული, რომლებიც ძალიან მკაცრი პროცედურების შედეგად შეირჩა. ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, მიხარია, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე სტარტაპი, რომლებმაც აღიარება ჰპოვეს გლობალურ ბაზარზე. სტარტაპი ვითარდება საქართველოში, მაგრამ თავის დანიშნულებით ის არ ეკუთვნის ერთ რომელიმე ქვეყანას, ჩვენი ამოცანა კი სწორედ ასეთი გლობალური სტარტაპების მხარდაჭერაა” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა

ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კერძო სექტორს, რომელიც, მინისტრის განცხადებით, აქტიურად არის ჩართული და სულ უფრო მეტ ინტერესს გამოხატავს პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სტარტაპების შემდგომი დაფინანსების და განვითარების მიმართ.

„მსურს, ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დონორ ორგანიზაციებს – მსოფლიო ბანკს, ევროკავშირს და სხვა ორგანიზაციებს. ძალიან დიდია ჩვენი პარტნიორების რიცხვი, ვინც გვეხმარება და მსურს ყველას მადლობა გადავუხადო” – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექნოპარკში გამართულ პრეზენტაციას საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და სტარტაპები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები