საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრატისლავის მ.რ. შტეფანიკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

საქართველოს პრეზიდენტი აგრეთვე შეხვდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები