გორში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 100 წელი გავიდა

მაკალათიას სახელობი გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, გორში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა მეცნიერებმა ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით იმდროინდელი მოვლენები მიმოიხილეს. მუზეუმის არქივში დაცული ფოტომასალებით კი გამოფენა გამართეს.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დოკუმენტური მასალის გამოყენებით ვიდეო კოლაჟი წარმოადგენა.

დამანგრეველი სიძლიერის მიწისძვრა საქართველოში 1920 წლის 20 თებერვალს მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი გორის მაზრაში დაფიქსირდა. ყველაზე ძლიერი, 9 ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში. მიწისძვრამ მაშინდელი ქალაქი გორი მიწასთან გაასწორა. დაიღუპა 129 კაცი და დაზარალდა 7000 -ზე მეტი ოჯახი. სტიქიით გამოწვეული შოკი მოსახლეობაში იმდენად დიდი იყო, რომ მიწისძვრიდან დიდი ხნის განმავლობაში შეშინებული გორელები ტროტუარზე სიარულს ერიდებოდნენ, რათა შენობების ნანგრევებიდან რამე არ დასცემოდათ. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება გორელებზე გავრცელებული ხუმრობა, რომ მათ შუა გზაზე სიარული უყვართ. როგორც მაშინდელი პრესა იტყობინება, გორის ტრაგედიამ შეაკავშირა და ერთად დააყენა მთელი საქართველო – მოსახლეობა, კერძო ორგანიზაციები, მთავრობის წევრები, ეკლესია, გვარდიელები, სტუდენტები… საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას გაუგზავნა საკვები, პირველადი საჭიროების ნივთები, კარვები, შეშა, შექმნა საველე ჰოსპიტალები. უსახლკაროდ დარჩენილთათვის დაიქირავა ბინები ბორჯომში, ხაშურსა და სურამში. მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული მისიები დაიძრა უცხოეთიდანაც. ფული, ტანსაცმელი და სამედიცინო დახმარება გამოგზავნეს იტალიის სამოქალაქო მისიამ, სომეხთა ეროვნულმა საბჭომ და ამერიკელთა აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები