„კომპრომისის მოძებნა შესაძლებელია“ – „სოციალ-დემოკრატები“ მზად არიან, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვდნენ
დეპუტატი, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „სოციალ-დემოკრატები“ მზად არიან, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის საკითხზე სასაუბროდ შეხვდნენ. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომელთა დეპუტატების ხმებია საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, უარი განაცხადეს პროცესში მონაწილეობაზე. სამწუხაროდ, საქართველო წარმოდგენილი იყო როგორც საბრძოლო ველი ორ პარტიას შორის, თითქოს დანარჩენი ხალხი აქ არ ცხოვრობს. ეს სტერეოტიპი უნდა დაინგრეს. პარლამენტში 28 დეპუტატია, რომელიც არაა არც „ოცნებაში“, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“, არც „ევროპულ საქართველოში“. მათთან ერთად „ოცნებას“ შეუძლია, გაგრძელოს მსჯელობა და მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება.
მე მგონია, რომ კომპრომისის მოძებნა შესაძლებელია. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი წინადადება. მეტი პროპორციულობა ყველასთვის მისაღებია. ჩვენი წინადადება იყო 115/35-ზე. მეორე საკითხი, რასაც ვაყენებთ განსახილველად, არის ბარიერის მოხსნა. ეს მეტ პოლიტიკურ ჯგუფს მისცემს საშუალებას, უფრო ეფექტიანად ჩაერთოს საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია საარჩევნო თემატიკაზე დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად არ დაჯდება, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება. აღნიშნულ თემაზე პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს უკვე შეხვდა. გია ვოლსკის განცხადებით, იგეგმება პარტია „სოციალ-დემოკრატებთან“ შეხვედრაც.
„გულწრფელი რომ ვიყო, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არსებული ვითარება არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოსწონს, თუმცა სიტუაციის განსამუხტად რაზე არიან წამსვლელები, ეს არ ვიცი. ოპოზიციურ ერთობას ინდივიდუალური შეხვედრებით საფრთხე არ ემუქრება, თუ ვინმე ინდივიდუალურად არ მიქარავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
თამუნა შეყილაძე