დავით ჭიჭინაძე: მერაბიშვილის პირველივე განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო

ვანო მერაბიშვილის პირველივე განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და ვფიქრობ, შესაბრუნებელია, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძემ ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის განცხადებები შეაფასა.

„პირველივე განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და ვფიქრობ, შესაბრუნებელია.
ეს არის კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც ასეთი ადამიანი გამოჰყავთ და მას პერსპექტივას უტოვებენ. ეს „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავეებთან მიმართებაში, გინდაც გიგი უგულავა იყოს. ახლა არ ვიცი, რას მოახერხებენ, იმედია, მერაბიშვილს იგივე მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ის ისევ პოლიტპატიმრად აქციონ.
ამ ადამიანებს საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ვფიქრობ, ის სასჯელი, რაც მოიხადეს, არ არის საკმარისი, ყველა დაზარალებული ადამიანი ამ უკმარისობას გრძნობს, განიცდის.

თუ ეს ხალხი კიდევ შეეცდება ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლას, თან დამხობით, როგორც თვითონ ამბობენ, ვფიქრობ, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ისინი ისევ და ისევ ძალადობაზე არიან ორიენტორებული და არა კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრებაზე. ვისაც დამხობა, ხალხზე ძალადობა უნდა, მისი ადგილი იქ არის, სადაც იყო“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მანვე, მერაბიშვილის პოლიტიკაში ყოფნის პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„თუ ვანო მერაბიშვილი იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში მივა, თუ ოდნავ თავმოყვარე ადამიანები არიან, ეს იქნება ბომბის ჩავარდნის ტოლფასი. მაშინ ეს გაერთიანება უნდა დაიშალოს. ალბათ, ხელისუფლებამ მაგიტომ გააკეთა, რომ დაშალოს ეს „ოპოზიციური გაერთიანება“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

„გაძლევთ გარანტიას, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება,“ – განაცხადა მერაბიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები