ლევან გოგიჩაიშვილი: ვანო მერაბიშვილმა თავისი ავეჯი დაიმხოს, მისი დასამხობი ქვეყანაში არაფერია

ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია, ასეთი ადამიანები ხელისუფლებაზე ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ, – ამის შესახებ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება არის “ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკა, რაზეც წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მივუთითებდით მართვის სისტემურ კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით. ხან „ნაციონალებს“ ეთამაშა, ხან „ევროპულ საქართველოს“, მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა. კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა. ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ტყუილად ვწვალობთ, საარჩევნო მოდელებს ვეძებთ, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩავატაროთ. უცებ ვანო მერაბიშვილი გამოდის და გვთავაზობს, მარტივ რეცეპტს ხელისუფლების შეცვლას, დამხობით. სახლში რომ მივა, თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, თავზე დაიმხოს, რაც დასამხობი აქვს. ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია. დემოკრატიული განვითარება და არჩევნები გვჭირდება. ასეთი ადამიანები ხელისუფლებაზე ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ. ქვეყანაში უნდა დასრულდეს, რომ ვაის რომ გაეყრები, უის შეეყრები. შეიძლება, ვანო მერაბიშვილი თავს იმხნევებს და ძლიერობს. როცა პატიმარი იყო, თავს ვიკავებდი კრიტიკისგან და დელიკატიურობის მომენტი იყო. როცა თავისუფალია, არაფერს არ მოვერიდებით. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ფლობს. პოლიტიკაში შანსი შეიძლება ჰქონდეს, ადამიანები დახვდნენ და ის ადამიანი მოსწონთ, ვინც წლების განმავლობაში ადამიანებს ხოცავდა. გერმანიაშიც არიან ადამიანები, ვინც ჰიტლერს აღმერთებდნენ. როგორც ჩანს, ადამიანები არსებობენ, ვინც ამისგან სიამოვნებას იღებენ“, – განაცხადა ლევან გოგიჩიაშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა და ექს შს მინისტრმა, ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: “წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები