“ჭიათურაში მაღაროელები არ გაფიცულან – ყველა თანამშრომელი საწარმოო პროცესშია” ჩართული

0

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები მათი საცხოვრებელი სახლების შეკეთებასა და აღდგენას ასევე კომპენსაციას ითხოვდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიაში გაფიცვას აქვს ადგილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად ყველა თანამშრომელი საწარმოო პროცესშია ჩართული.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოები მათ ზიანს აყენებს. შუქრუთში საპროტესტო აქციამ კომპანიის საწარმოო პროცესის შეჩერება გამოიწვია.

აღნიშნულს წინ უძღოდა კომპანიასა და მოსახლეობას შორის არაერთი შეხვედრა, სადაც პრობლემური საკითხების განხილვა მოხდა, მათ შორის, გუშინ აქციის მონაწილეებს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, რაზეც მათგან უარი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთში პრობლემურ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს (შუქრუთი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომელთა ქვეშ საბჭოთა პერიოდში მადანგამომუშავება მიმდინარეობდა და მას შემდეგ ის ძველი მაღაროები მიტოვებულია).

კომპანიის მიერ სპეციალური კომისია მაინც შეიქმნა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის საკითხის შესწავლა დაიწყო, პარალელურად კი დამოუკიდებელი, გამოცდილი საექსპერტო ჯგუფი – „საინჟინრო კვლევების ცენტრი” დაიქირავა, რომლის დასკვნითაც შუქრუთში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანება „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო სამუშაოებს არ უკავშირდებოდა და ის საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით იყო გამოწვეული; ასევე დადგინდა, რომ ხსენებული დაზიანებები იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ სრულად იყო კომპენსირებული, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული.

კვლევის დასრულებისას „საინჟინრო კვლევების ცენტრი” დასკვნაში კონკრეტულ მიზეზებსაც ასახავს და იმასაც, თუ რამდენად ექვემდებარება დაზიანებული სახლები შეკეთებას. აღსანიშნავია, რომ 90-იანი წლების დასაწყისში სოფელი შუქრუთი მიწისძვრამაც დააზარალა და მაშინ მოსახლეებზე შესაბამისი კომპენსაციები სახელმწიფომაც გასცა. კომპენსაციები იმ დათქმით გაიცა, რომ მიღებული თანხით მოსახლეები ალტერნატიულ საცხოვრებელს ალტერნატიულ ტერიტორიაზე შეიძენდნენ, თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა კომპენსაცია მიიღო, მაგრამ ტერიტორია არ დაუტოვებია.

აღნიშნული კვლევის მიუხედავად, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები გაითვალისწინა, რაც მათ მძიმე საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება. კომპანიის სამუშაო ჯგუფმა ადგილობრივებს სხვადასხვა ინიციატივა შესთავაზა. კერძოდ: – ალტერნატიული საცხოვრებლის შეძენა და გადაცემა საკუთრებაში რაიონის ფარგლებში, მათ შორის ქალაქ ჭიათურაში, ან არსებული სახლ-კარის გამოსყიდვა და თანხის მათი შეხედულებით გამოყენება.

სწორედ ამიტომ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლოებას შესთავაზა, კერძო აუდიტორული კომპანიები თავად მოეძიებინა, დაეკვეთა მათთვის ქონების შეფასება და აღნიშნულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაც დამოუკიდებლად ეწარმოებინა, ხოლო მომსახურების საფასურს „ჯორჯიან მანგანეზი“ დაფარავდა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“, შუქრუთის მცხოვრებლებისთვის კომპენსაციების გაცემის თაობაზე ამ სააუდიტო კომპანიების დასკვნის საფუძველზე მზაობა გამოთქვა.
ადგილობრივებმა ეს წინადადება მიიღეს და თავად დაიქირავეს ორი სხვადასხვა აუდიტორული კომპანია, თუმცა შეუთანხმებლობის გამო, ერთ-ერთთან მოლაპარაკება თავიდანვე შეწყვიტეს, მეორემ კი მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა თითქმის სრულად შეისწავლა, თუმცა, სამუშაოს დასრულების დასკვნით ეტაპზე, შუქრუთის მოსახლეობას უთანხმოება აღნიშნულ აუდიტორულ კომპანიასთანაც მოუხდა და ურთიერთობა მასთანაც გაწყვიტეს.

კომპანია კვლავ მზად არის, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მოსახლეობასთან დაწყებული მოლაპარაკება კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძოს, რაც მათ მიერვე გაჟღერებული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას ეხება.

ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას მოუწოდებს, მოლაპარაკების ფორმატს დაუბრუნდნენ და საწარმოს შესაძლებლობა მისცენ, თავისი საქმიანობა შეუფერხებლად განახორციელოს.
„ჯორჯიან მანგანეზს“ სამეწარმეო საქმიანობის და კომერციული მიზნების გარდა, სახელმწიფოს და მესამე პირების წინაშე არაერთი ვალდებულება გააჩნია, რომელთაგან ნებისმიერის შეუსრულებლობა კომპანიას მნიშვნელოვნად აზარალებს, ეს კი როგორც სახელმწიფოს ბიუჯეტზე, ასევე კომპანიაში დასაქმებული და კონტრაქტორი არაერთი პირის შემოსავლებზე უარყოფითად აისახება.

დღეს კომპანია მე-3 ადგილზეა ქვეყნიდან ექსპორტის მხრივ და შესაბამისი წილი უკავია სავალუტო მასის შემოდინებაში და ეკონომიკის განმტკიცებაში.

ამას გარდა, „ჯორჯიან მანგანეზი“ უშუალოდ ჭიათურაში 3.8 ათას ადგილობრივს ასაქმებს, ხოლო კონტრაქტორ კომპანიებში დამატებით 1.8 ათასი ადამიანია დასაქმებული და ცხადია, კომპანიის გაჩერება მათ ოჯახებს ფინანსური დარტყმის ქვეშ მოაქცევს.

შუქრუთის მოვლენების გარდა, კომპანიის საქმიანობას სხვა შემაფერხებელი ფაქტორებიც აქვს, კერძოდ შსს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები რაიონში მიწების უკანონოდ, გაყალბებული საბუთებით რეგისტრაციის ფაქტებს იძიებენ.

ამჟამად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულები და დაკავებულები არიან ცალკეული პირები, რომლებიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

მნიშვნელოვანია ამ პროცესის დასრულება, ისევე როგორც კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიებზე მიწების დატაცების ფაქტების გამოძიება, რაც კომპანიის ოპერირებას აფერხებს. “,-  ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი