2020 წელს გორში 31 ინფრასტრუქტურულ პროექტი განხორციელდება
2020 წელს, გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, 31 ინფრასტრუქტურულ პროექტი განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერები გამოცხადდება.
პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც გასული წლის მსგავსად 2 800 000 ლარს შეადგენს, მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად გადანაწილდა. მალე დაიწყება „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევაც.
2019 წელს სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 52 პროექტი განხორციელდა. 2019 წლის პროექტების შერჩევისას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის, 100 ათასი ლარის რამდენიმე პროექტზე გადანაწილება შეეძლოთ. 2020 წელს მოსახლეობას იგივე თანხით (100 ათასი ლარით) მაქსიმუმ 2 პროექტის დაფინანსება შეეძლო.
“სამოქალაქო ბიუჯეტი” – არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეები თვითონ წყვეტენ რაში უნდა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა. პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში მეხუთე წელია ხორციელდება.